პრობლემური იყო დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით – ISFED

“პრობლემური იყო დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით”- ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“(ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ,  31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ასევე პრობლემურად მივიჩნიეთ წინა არჩევნების დროს ის, რომ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულები იყვნენ უცხო ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ დაკავშირებულები საარჩევნო პროცესთან, მანამდე, წინა არჩევნების პერიოდში იყო კოორდინატორების მობილიზება, თუმცა, ამ არჩევნებზე სხვა ტიპის ადამიანების მობილიზებაც იყო, რაც პრობლემურია და ზეწოლის ფაქტორს ქმნის. ეს აღიქმება ზეწოლის ფაქტორად, როდესაც უბანზე მიდიან, სადაც თავისუფალი გარემო უნდა იყოს. როგორც აღნიშნეთ, ყველაზე პრობლემური იყო დისბალანსები შემაჯამებელ ოქმებში, როგორც მეტობით, ისე ნაკლებობით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნაკლებობა არანაკლები პრობლემაა. ასევე, შემაჯამებელი ოქმების შესწორებები, რომელიც არამხოლოდ უბნებზე ხორციელდებოდა, ასევე საოლქო საარჩენო კომისიებში და საკმარისად არ იყო დასაბუთებული, მხოლოდ ახსნა-განმარტებებს ეფუძნებოდა. ასევე პრობლემური იყო გადასწორებული და გადაკეთებული ოქმები, რომელიც ჩაითვალა როგორც ჩვეულებრივ შემაჯამებელ ოქმებად“,- აღნიშნავს დოლიძე.