შაბათი, 20 აპრილი , 2024, 14:42

პროკურატურაში აცხადებენ, რომ მელიას გათავისუფლების შესაბამის პროცედურებს თანხის ასახვის შემდეგ დაიწყებენ

ევროკავშირმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა, თუმცა საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ  პროკურატურა სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისიძების შეცვლის მოთხოვნით მხოლოდ თანხის ასახვის შემდეგ მიმართავს.

“პროკურატურის წინადადება ძალაშია, რასაც აჟღერებდა. ჯერჯერობით თანხა არ ასახულა და სხვა ინფორმაცია, ამ ეტაპისთვის არ გვაქვს,  როცა აისახება, შესაბამის პროცედურებს დავიწყებთ”, – აცხადებენ პროკურატურაში.

“საიას” ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პროკურატურას შეუძლია ჩარიცხული თანხის ანგარიშზე ასახვამდეც მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით, თუმცა ამას არ აკეთებს.

”მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჯერ არ იყოს ასახული ანგარიშზე, მნიშვნელოვანია ის, რომ არც არის აუცილებელი ამ თანხის ანგარიშზე ასახვა. პირიქით ხდება, ხოლმე, ჯერ შუამდგომლობა შედის, მითუმეტეს ვიცით და დადასტურებულია, რომ თანხა გადარიცხულია, ამ პირობებში არსებობს შესაძლბელობა, რომ პროკურატურა წავიდეს სასამართლოში და სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება და უკვე შემდგომ მოხდება ამ თანხის ანგარიშზე ასახვა” – ამბობს “საიას” თავმჯდომარე.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, ევროკავშირმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 000 ლარი გადაიხადა. გირაოს გადახდას გამოეხმაურა, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე.

“მშვენიერია, კარგია იმის დანახვა, რომ ყველა პარტნიორმა დანაპირები შეასრულა – მათ შორის ევროკავშირმა. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბატონი მელია ციხეს ძალიან მალე დატოვებს. ამან ყველას უნდა გაუხსნას გზა, საქართველოში რეგულარული საპარლამენტო მუშაობისკენ 19 აპრილის შეთანხმებით”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციამ ენმ-ის თავმჯდომარე ოფიციალურად გამოაცხადა პოლიტპატიმრად.