პუტინი რუსეთის დუმას მიმართავს, კანონით აკრძალოს საბჭოთა კავშირისა და ფაშისტური გერმანიის გაიგივება

რუსეთისს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო დუმას საგაზაფხულო სესიისთვის კანონპროექტის მომზადება დაავალა, რომელიც საჯაროდ საბჭოთა კავშირისა და ფაშისტური გერმანიის გაიგივებას აკრძალავს.

“რეკომენდაცია მიეცეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმას 2021 წლის საგაზაფხულო სესიისთვის მოამზადოს განსახილველად ფედერალური კანონის პროექტის ცვლილებები, მიმართული მეორე მსოფლიო ომში (1939-1945 წლებში) სსრკ–სა და ფაშისტური გერმანიის როლის საჯაროდ გაიგივების აკრძალვის დასაწესებლად.“ – ნათქვამია კრემლის საიტზე გამოქვყნებულ განკარგულებათა ჩამონათვალში. გადაწყვეტილება კულტურისა და ხელოვნების საპრეზიდენტო საბჭომ მიიღო, რომლის სხდომაზე დუმის კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ელენა იამპოლსკაიამ განაცხადა, რომ რუსეთში ქვეყნდება და ახალგაზრდობაში პოპულარობით სარგებლობს წიგნები, რომლებშიც წითელი არმიის და ნაცისტური გერმანიის ჯარისკაცების ქმედებები იგივდება. სწორედ მისი  ინიციატივა იყო ამის აკრძალვა.

“ჩემი აზრით, თუ ჩვენი გამომცემლობების რედაქტორებს ჭკუა, სინდისი და სითამამე არ ყოფნით მსგავსი პასაჟების ამოსაღებად, მათ კანონმდებლობით  უნდა დავეხმაროთ. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს მორალური უფლება გავამკაცროთ კანონი, როცა საქმე ეხება ჩვენი ისტორიული მეხსიერების შეურაცხოყფას“ – განაცხადა მან სხდომაზე.

მის პოზიციას პუტინიც დაეთანხმა.

“ფრთხილად, მაგრამ უნდა გავაკეთოთ ეს. თუ ზოგიერთ ქვეყანაში სომხების გენოციდის უარყოფის გამო სისხლის სამართლის სასჯელია გათვალისწინებული, ალბათ თვით ღმერთმა ინება, რომ ჩვენი ახლო წ არსულის დასაცავად შესაბამისი მექანიზმები ჩავდოთ კანონში“– თქვა პუტინმა სხდომაზე, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გაიმართა.

მანამდე პუტინი არაერთხელ აცხადებდა “ისტორიის გადაწერის მცდელობისა და დიდი სამამულო ომის შესახებ სიმართლის დამახინჯების თაობაზე.“

სექტემბერში მან სკოლის მოსწავლეებისთვის ღია გაკვეთილი ჩაატარა, რომელზეც განაცხადა, რომ ადამიანებს, ვინც ისტორიის გადაწერის ინიციატორებს ეთანხმებიან, თანამედროვე კოლაბორაციონისტები უნდა ეწოდოთ.

გასული წლის ივნისში პუტინმა ჟურნალ National Interest–ში სტატია გამოაქვეყნა მეორე მსოფლიო ომის შესახებ. ომის დაწყებიბს პასუხისმგებლობა მან მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს დააკისრა.

სტატიაში პუტინმა ევროპარლამენტის რეზოლუცია გაიხსენა, რომელიც მისი თქმით „პირდაპირ დებს ბრალს საბჭოთა კავშირს ნაცისტურ გერმანიასთან ერთად მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში“, გარდა ამისა, პუტინი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მეორე მსოფლიო ომის დაწყება გამოიწვია მოსკოვში ნაცისტების საგარეო საქმეთა მინისტრის, რიბენტროპის ორდღიანმა ვიზიტმა.

1939 წლის 23 აგვისტოს საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერა გერმანისთან თავდაუსხმელობის შეთანხმებას, რომელიც მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტის სახელით არის ცნობილი.

“ფაქტიურად საბჭოთა კავშირმა ეს ევროპის ქვეყნებში ყველაზე ბოლომ გააკეთა, თანაც ორ ფრონტზე ომის რეალური საფრთხის წინაშე – დასავლეთით გერმანიასთან, აღმოსავლეთით კი იაპონიასთან. ამასთან, სხვა სახელმწიფოები ამჯობინებენ არ გაიხსენონ ის შეთანხმებები, სადაც ნაცისტების ხელმოწერასთან ერთად დასავლეთის პოლიტიკოსების ხელმოწერებიც არის“– წერს პუტინი.