რას ნიშნავს უსაფრთხო სექსი კორონავირუსის პანდემიის დროს და რას გვირჩევენ ექსპერტები

ახალმა კორონავირუსმა მსოფლიოში ბევრი რამ შეცვალა, ბევრი ახალი წესი დამკვიდრდა სამსახურში თუ საყიდლებზე სიარულისას. სექსუალური ჯანმრთელობის დაცვის საქველმოქმედო ორგანიზაციის მონაცემებით ცვლილებები შეეხო სექსსაც.

ტერენს ჰიგინსის ფონდი აქვეყნებს რჩევებს, რომელთა მიხედვით ადამიანებს ეძლევათ რეკომენდაცია თავი შეიკავონ კოცნისგან, გაიკეთონ ნიღაბი სექსის დროსაც და მოერიდონ ისეთ პოზებს, რომელთა დროსაც პარტნიორების სახეები ერთმანეთს ახლო მანძილზე ეხება.

ეს შესაძლოა ძნელად მოგეჩვენოთ, თუმცა ფონდის განცხადებით “ადამიანებმა უნდა მოძებნონ გზა, სექსის მოთხოვნილება, პარტნიორთან სიახლოვის სურვილი და  Covid19-ის გავრცელების საფრთხე როგორღაც დააბალანსონ.“

ჰიგინსის ფონდის განცხადებით პანდემიის დროს საკუთარი თავის საუკეთესო პარტნიორი თქვენ თვითონვე ხართ, ან ის ადამიანი, ვისთან ერთადაც ცხოვრობთ. მასტურბაცია, სექს–სათამაშოების გამოყენება, ტელეფონით ან ინტერნეტით სექსი კი ფონდის რჩევით ყველაზე უსაფრთხოა.

ეს არ ნიშნავს, რომ რეალურ სექსზე უარი თქვათ, მაგრამ როგორც უკვე გითხარით, ჯობს იმ ადამიანთან გქონდეთ ურთიერთობა, ვინც თქვენი ოჯახის ნაწილია.

ადამიანებთან დისტანციის შენარჩუნება მსოფლიო მაშტაბით კვლავ აქტუალურად რჩება, მაგრამ იზოლაციის თვეების შემდეგ ექსპერტების თქმით არარეალურია იმის მოლოდინი, რომ ადამიანები გაურკვეველი ვადით უარს იტყვიან სექსზე. ამიტომაც ისინი გვირჩევენ,თუ სექსუალური კავშირები არაოჯახის წევრებთან გაქვთ, პარტიორთა რაოდენობა  შეზღუდოთ.

კარგი იქნება გააკონტროლოთ, ხომ არ გაქვთ თქვენ ან თქვენს პარტნიორს კორონავირუსის სიმპტომები და თუ რომელიმე სიმპტომი აღმოგაჩნდათ, იზოლაციას მიმართოთ.

რისკი მეტია, როცა უცნობ ადამიანთან გაქვთ სექსი. ასეთ დროს ნაკლებია შანსი დაადგინოთ, ხომ არ აქვს მას ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს კორონავირუსის სიმპტომები.

გადადის თუ არა კორონავირუსი სექსის მეშვეობით?

ამ კითხვას პანდემიის დაწყებიდან ხშირად სვავდნენ. პასუხი ცალსახაა– კორონავირუსი უშუალოდ გენიტალიების საშუალებით არ გადადის, თუმცა ის გადადის კოცნისას და ახლო დისტანციაზე ურთიერთობისას – ნერწყვის და სუნთქვის საშუალებით. შესაბამისად რისკი, რომ სექსის დროს პარტნიორისგან კორონავირუსი გადაგედოთ ძალიან მაღალია.

ამიტომაც ჰიგინსის ფონდი გვირჩევს სექსის დროს კოცნისგან თავი შევიკავოთ, ვატაროთ ნიღაბი და უარი ვთქვათ იმ პოზებზე, რომლებიც პარტნიორის სახესთან სიახლოვეს იწვევს.

ფონდის ინფორმაციით ვირუსი სპერმაშიც და ფეკალიებშიც აღმოჩნდა, ამიტომაც პრეზერვატივი უნდა გამოიყენოთ და ორალურ სექსზე უარი თქვათ რისკის შესამცირებლად.

რა თქმა უნდა, ექსპერტები გვირჩევენ პანდემიისას აქტუალური უსაფრთხოების ძირითადი რეკომენდაციები  სექსის შემდეგაც გამოვიყენოთ – ხელების კარგად დაბანა და სადეზინფექციო სითხე.

ფონდის ექსპერტები იმასაც გვირჩევენ, რომ ახალი რეალობის გამო ზოგადად სექსუალური ჯანმრთელობა არ უნდა დავივიწყოთ, კორონავირუსის გარდა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებსაც მივაქციოთ ყურადღება და ამ მიმართულებითაც ჩავიტაროთ ტესტირება.