რატომ არ მიიწვიეს საქართველო ნატოს სამიტზე

დღეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სამიტი იმართება, რომელშიც მონაწილეობას ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იღებს. ეს ევროპელი და ამერიკელი ლიდერების პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც ჯო ბადენმა თეთრი სახლი დაიკავა.

თუმცა ნატოს ამ სამიტზე, წინა სამიტებისგან განსხვავებით, საქართველო და უკრაინა მიწვეული არ არიან. ნატოში ზოგმა ეს ნაბიჯი დროის სიმწირით ახსნა.

„არ ვიცი რატომ მოხდა ეს, თუმცა რეალურად ყველაზე შესაძლო ახსნა ისაა, რომ ეს მოკლე სიმბოლური სამიტი იქნება. თუმცა, იმედია ეს გადაწყვეტილება იმ მიზეზით არ იყო მიღებული, თუ როგორ მიიღებდა ამას რუსეთი” – ამბობს ბრუნო ტეტრე, სტრატეგიული კვლევების ფონდიდან.

მისი თქმით, რომ ამ ფონზე მნიშვნელოვანია ალიანსს ძლიერი გზავნილი ჰქონდეს, საქართველოსა და უკრაინისთვის.

“იმის გათვალისწინებით, თუ როგორ შეიძლება ეს მოსკოვმა აღიქვას, ნატოს ძლიერი მესიჯი უნდა ჰქონდეს, [უკრაინის და საქართველოს] მიმართ. განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც უკრაინის საზღვართან რუსული სამხედროების გადაადგილება ვიხილეთ… მძიმე შეცდომა იქნება, თუ ეს ასე არ იქნება, რადგან აქ მნიშვნელოვანი რუსეთის წარმოდგენებია. თუ უკრაინაზე და საქართველოზე არ ვისაუბრებთ, ამას მოსკოვში ისე გაიგებენ, რომ ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის“, – ამბობს ტეტრე, სტრატეგიული კვლევების ფონდიდან.

მალევე პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ივლისში თეთრ სახლში მიიწვია. ზელენსკი უკანასკნელი პერიოდია, მას შემდეგ რაც მოსკოვმა მის საზღვართან 100,000 სამხედრო გადაისროლა, აქტიურად ითხოვს კიევისთვის, ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მიცემას.

ალიანსში ხშირად ადასტურებენ, რომ კარი ღიაა და თბილისს ხშირად მოიხსენიებენ ხუთოსან მოსწავლედ, თუმცა დეტალებზე, თუ როდის შეიძლება საქართველოს და უკრაინის წევრობის საკითხი დაისვას, საუბარი არავის უნდა.

დენიელ ფრიდი, ყოფილი დიპლომატი მიუხედავად იმისა, რომ ორი ქვეყნის არ მიწვევას არ ეთანხმება, ამბობს, რომ ბაიდენს საქართველოს მხარდაჭერის გრძელვადიანი ისტორია აქვს.

„მე რომ მთავრობაში ვყოფილიყავი, ასე არ მოვიქცეოდი. თუმცა, ბაიდენმა ზელენსკი თეთრ სახლში მიიწვია და ამ გუნდს საქართველოს და უკრაინის მხარდაჭერის დიდხნიანი ისტორია აქვთ, მათ შორის თავად ბაიდენსაც… საქართველომ და უკრაინამ პოლიტიკური კაპიტალი ქვეყნის შიგნით რეფორმებით უნდა მოიპოვოს“, – თქვა ფრიდმა.

მას შემდეგ რაც თეთრი სახლი დაიკავა, თავად პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინის სუვერენიტეტზე რუს კოლეგებთან ხშირად საუბრობს, თუმცა საქართველოს ის არ ახსენებს. ეს არ შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტს.

ვაშინგტონში ამბობენ, რომ რთული სათქმელია, თუ რა იწვევს ამას, ეს ამერიკის შიდა ინტერესებით, უბრალოდ უყურადღებობით, თუ საქართველოს შიგნით დემოკრატიის კუთხით არსებული სიტუაციითა განპირობებული.

“ვფიქრობ, ამერიკის მთავრობას არ მოსწონს საქართველოში არსებული ვითარება და შედეგად, ეს ნიშნავს რომ უფრო ნაკლებ ყურადღებას და შეხვედრებს მიიღებ. შეერთებული შტატები და ევროკავშირი არ იტყვიან, რომ ახლა საქართველოს დავსჯით. არა, ისინი უბრალოდ ჩამოგწერენ… ზურგს გაქცევენ და შენ თვითონ უნდა მიხვდე, ‘რატომ არ გვაქცევს შეერთებული შტატები ყურადღებას’? იქნებ ეს იმას უკავშირდება, როგორც ვმართავთ ქვეყანას”?, – ამბობს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი.

ორი ქვეყნის სამიტზე არმიწვევას გამოეხმაურა რუსეთიც, საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ამაზე საუბრისას, საკუთარ “ტელეგრამის” არხზე დაწერა, რომ ეს გავს მშობლის დატუქსვას: „მორჩი ეზოში თამაშს და ამოდი გაკვეთილები ისწავლე“.

ამ ფონზე, ის, თუ რა მესიჯი ექნება ბრიუსელს ორშაბათის სამიტზე, იქნება ინდიკატორი ალიანსის მომავალი პოლიტიკისა საქართველოს მიმართ.

წყარო: ამერიკის ხმა