რატომ არ შეიძლება ენერგეტიკული სასმელების ხშირად დალევა

ენერგეტიკული სასმელები თითქოს “დამუხტვაში“ გვეხმარებიან, მაშინ, როცა გვეძინება, მაგრამ საქმე გვაქვს და სიფხიზლე გვჭირდება. ან გვინდა მალე გამოვფხიზლდეთ ძილისგან. თუმცა, სამწუხაროდ ენერგეტიკული სასმელების ეფექტრი მხოლოდ დროებითი, ხანმოკლე სიფხიზლეა. ნახეთ, რატომ არ უნდა დავლიოთ ხშირად ენერგეტიკული სასმელი:

არაერთი კვლევის შედეგების გაანალიზებით მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ენერგეტიკული სასმელები ჯანმრთელობას არაერთ პრობლემას უქმნის. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ მათი დალევის შემდეგ ცუდად გძინავთ, შეიძლება წნევამ აგიწიოთ, ხშირი მოხმარების შედეგად კი წონაშიც მოიმატოთ. გარდა ამისა, ასეთმა სასმელებმა შესაძლოა ფსიქიური პრობლემები გამოიწვიოს და დიაბეტის რისკი გაზარდოს, პრობლემა შეუქმნას კბილებს და თირკმელებს.

ენერგეტიკული სასმელების შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენობით შაქარი, სიმინდის წვენი, ხელოვნური არომატიზატორები. შაქრის გადაჭარბებული მოხმარების დროს ორგანიზმს მისი მონელება უჭირს, უფრო მეტი ინსულინი ჭირდება იმისათვის, რომ გლუკოზამ უჯრედებში შეაღწიოს. ამან კი შესაძლოა მეორე ტიპის დიაბეტის განვითარება გამოიწვიოს. სისხლში გადაჭარბებული შაქარი  ნერვულ ბოჭკოებს აზიანებს და სისხლის წნევაზე მოქმედებს, რაც გულისა და თირკმელების პრობლემებს იწვევს.

ენერგეტიკული სასმელები ასევე კოფეინის მაღალი შემცველობით გამოირჩევა– 100 მგ. სასმელში 300მგ.–მდე. ზრდასრული ადამიანის დღიური დოზა 400 მგ. –ია, ანუ შეიძლება ნახევარი ჭიქა ენერგეტიკული სასმელით დღიურ დოზას სრულად იღებთ. თუ ნორმას მუდმივად დაარღვევთ, სიმხნევის ნაცვლად შეიძლება შფოთვითი აშლილობა ან დეპრესია დაგემართოთ. კოფეინდამოკიდებულება ცუდად მოქმედებს განწყობაზე და ძილზე.

ნეგატიურად მოქმედებს ორგანიზმზე ენერგეტიკული სასმელების სხვა დანამატებიც, მაგალითად ტაურინი და გუარანო. მეცნიერები მათ მუდივად სწავლობენ და უფრო დეტალურ ინფორმაციას  შემდგომ წლებში დადებენ, როცა უფრო მეტი სტატისტიკური ინფორმაცია გაჩნდება ენერგეტიკული სასმელების მოხმარების შესახებ.  მეცნიერების თქმით, ვინაიდან ჯერჯერობით ენერგეტიკული სასმელის მასობრივი მომხმარებელი ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანები არიან, რთულია შესაძლო შედეგების მთელი სპექტრის შეფასება.

ენერგეტიკული სასმელების იშვიათი და არა მუდმივი გამოყენება ორგანიზმს დიდ ზიანს არ აყენებს. თუმცა, მეცნიერების აზრით ჯობს ენერგიის მოსამატებლად სხვა საშუალებებს მივმართოთ.