რაქვიაშვილის თქმით, ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის ლიდერებს ულტიმატუმები წამოუყენა

გირჩის ერთერთი ლიდერის, სანდრო რაქვიაშვილის თქმით, ზურა ჯაფარიძემ პარტიის წევრებს რამდენიმე ულტიმატუმი წაუყენა, რაც იაგო ხვიჩიას პარტიის მართვისგან ჩამოცილებას და განცხადებებზე “გარკვეულ ცენზურას” ეხებოდა.

“გუშინ წინ საღამოს ზურამ გარკვეული ულტიმატუმი წარგვიდგინა, რომლის შინაარსი იყო, რომ ჩვენ უნდა ჩამოვცილდეთ, ალბათ, ეს უფრო იაგოს [ხვიჩია] ეხებოდა ჩამოცილება პარტიის მართვისგან და მათ შორის გარკვეული ცენზურა, რაზე ვილაპარაკოთ და რაზე არ ვილაპარაკოთ. კიდევ იყო ორი ნაკლებად მნიშვნელოვანი პუნქტი.

ბუნებრივია, ეს წარმოუდგენელი რამ არის გირჩში, რომ ვიღაცამ ცენზურა დააწესოს თემებზე, თუ პოზიციებზე. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ იყო მცდელობა გუშინ, ამაზე საუბარი ყოფილიყო. საუბარი არ შედგა. მარტო ვახო მეგრელიშვილს ჰქონდა ამის სამი მცდელობა ასეთი, ჩვენ არ ვიცით, რა არის მიზეზი ულტიმატუმისა და ამ დღევანდელი განცხადების”, თქვა რაქვიაშვილმ ტვ პირველთან საუბრისას.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ იაგო ხვიჩიასთან, სანდრო რაქვიაშვილთან და ვახო მეგრელიშვილთან პარტიული თანამშრომლობა გაწყვიტა.

ჯაფარიძემ გირჩის ჯგუფში დაწერა, რომ მათთან ერთად “გირჩის კეთებას” აღარ აპირებს.