რა დოკუმენტები დასჭირდებათ თვითდასაქმებულებს ერთჯერადი, 300-ლარიანი დახმარების მისაღებად

საქართველოს მთავრობამ ახალი დადგენილება გამოსცა, რომელშიც გაწერილია ის დოკუმენტები, რომელიც თვითდასაქმებულმა დახმარების მისაღებად უნდა წარადგინონ.

მათ ერთჯერადი, 300-ლარიანი დახმარების მისაღებად მოუწევთ, დასაქმების სააგენტოს პორტალზე შემდეგი ინფორმაციის განთავსება:

  • სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
  • საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო
    ტელეფონი);
  • საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია 2020 წლის პირველ კვარტალში მისი შემოსავლის წყაროს შესახებ;
  • 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის:
  • გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითად დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი (წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. მაგალითად შესყიდვის აქტი, მიღება ჩაბარების აქტი);
  • 2020 წლის პირველი 3 თვის საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება
    ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
  • მუნიციპალეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე
    საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა ნებართვა/ლიცენზია;
  • საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავალი.

დახმარების მისაღებად ყველა ადამიანი ვალდებულია, 1 ივლისამდე სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირდეს განმცხადებლად და შეავსოს ელექტრონული განაცხადის ფორმა.

დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ განაცხადში წარდგენილი ინფორმაციის სისწორესა და არასწორი ინფორმაციის წარდგენით სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა განმცხადებელს ეკისრება.

თუ კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, 10 სამუშაო დღის ვადაში მოქალაქეს თანხა  მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხება.