რა უნდა გავითვალისწინოთ პროდუქტის შეძენისას?

შესაძლებელია, თქვენ ფიქრობთ: „დღევანდელ სადილს არაჟანი კიდევ უფრო მოუხდებოდა! ან იქნებ, ცხარე სოუსი?“, მაგრამ თქვენ ორივე მათგანის ყიდვა დაგვიწყებიათ. გვერწმუნეთ, არ ღირს მაღაზიაში უკან შებრუნება მხოლოდ ამ ორი პროდუქტისთვის. ეცადეთ, საყიდლებზე კვირაში მხოლოდ ერთხელ იაროთ.

მაქსიმალურად შეამცირეთ მაღაზიაში ყოფნის დროც. ამაში პროდუქტების სიის წინასწარ ჩამოწერა დაგეხმარებათ. პროდუქტების ყიდვის პროცესში აუცილებლად დაიცავით სხვა ადამიანებისგან დაახლოებით 2 მეტრიანი დისტანცია. თუ შესაძლებელია, გამოყენებამდე გაწმინდეთ ურიკის სახელურები ხელსახოცით ან  სადეზინფექციო  ხსნარით. მაღაზიაში ყოფნისას არ შეეხოთ სახეს.

გამოსვლისას, თუ საშუალება გექნებათ, დაიბანეთ ან სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშავეთ ხელები. სახლში დაბრუნებისთანავე დაიბანეთ ხელები და გაწმინდეთ სამზარეულოს ყველა ის ზედაპირი, რომელსაც ამოლაგებისას პროდუქტი შეეხო. არ დაგავიწყდეთ მობილური ტელეფონის ეკრანის გაწმენდაც, თუკი ის მაღაზიაში ყოფნისას გამოიყენეთ.

ხანდაზმულ და მაღალი რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს ვურჩევთ, გამოიყენონ სახლში მიტანის სერვისი. შეძენილი პროდუქტები, სასურველია, კურიერმა კართან დატოვოს, თქვენ კი, თანხა ონლაინ, ბარათით გადაიხადოთ. თუ ამის საშუალება არ არის, დახმარება თქვენს ახალგაზრდა ახლობლებს, მეზობლებს თხოვეთ.   ჭამის წინ საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.

პროდუქტების შეძენისას აუცილებელია, რომ გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

1) გაწმინდეთ ურიკის სახელურები ანტისეპტიკური ხელსაწმენდით.

2) წინასწარ მოიფიქრეთ, რისი ყიდვა გსურთ და შეადგინეთ ერთი ან ორი კვირის სამყოფი პროდუქტების სია.

3) პროდუქტებს მოაცილეთ ყველანაირი შეფუთვა. რომელსაც ვერ აშორებთ, ჩაუტარეთ დეზინფექცია ანტისეპტიკური ხსნარით.

4) გამდინარე წყალში, ხელთათმანით გარეცხეთ ზეთის, იოგურტის, რძის ბოთლები; არაჟნის, მაწვნის ქილები და ა.შ. ხილი და ბოსტნეული გარეცხეთ სათითაოდ, გამდინარე წყლით.

5) ჩაუტარეთ დეზინფექცია სამზარეულოს იმ ზედაპირებს, რომლებზეც პროდუქტები ეწყო.

6) გაწმინდეთ ტელეფონის ეკრანი.

 

წყარო : Covid19info.ge