რა ჩანაწერები აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის საფულეში – ოჯახის ადვოკატის განმარტება

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, გარდაცვლილის საფულეში ბევრი ფურცელი აღმოჩნდა, რომელზეც ყოველდღიური ჩანაწერები ეწერა. რამიშვილის განმარტებით, ეს ჩანაწერები არაფრისმთქმელი არ არის და წინასწარ იმის თქმა, რომ ვიღაცას დაუტოვა, არ შეიძლება.

“თამარს საფულეში ედო პატარა ოთხკუთხედი ფურცლები და ძალიან ბევრი ჩანაწერია, რომელიც ყოველდღიურად კეთდება ადამიანის მიერ. ეს როდინდელია ან ვის მიმართ არის განკუთვნილი,  “ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ” [არ ვიცით].

კიდევ ძალიან ბევრი ჩანაწერია – “ერთად წავიდეთ”, “იქ მივდივართ”, “აქ უნდა მოვიდე”… როდინდელია, საერთოდ რისი ჩანაწერია, იმიტომ რომ, ძალიან ბევრი პლასტიკური ბარათი დევს და [ფურცელზე] არც ანაბარის ნომერი წერია, არც გვარი წერია – ვისთვის არის განკუთვნილი თუ არის საერთოდ ვინმეს მიმართ.

ასე რომ მე ვერანაირად ვერ ვუკავშირებ, თითქოს ვიღაცას დაუტოვა, რომ გამოიყენოს. ჯერჯერობით არაფრის მთქმელი არ არის, მესმის, რომ შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, თითქოს წინასწარ ვიღაცას დაუტოვა და ამით მინიშნება გაუკეთა, წინასწარ მაგის თქმა არ შეიძლება, ჯერ ადრეა მაგაზე ფიქრიც კი”,– თქვა ადვოკატმა ტვ პირველის ეთერში.

ჟურნალისტის კითხვა, უნდა ვიფიქროთ თუ არა თვითმკვლელობის ვერსიაზე, რამიშვილი ამბობს: “არა, არა, არა, ჯერ მაგაზე ფიქრიც არ შეიძლება” .

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს თეთრიწყაროს რაიონში, ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.