რეგიონებში ვიზიტისას საფრანგეთის პრეზიდენტს მოქალაქემ სილა გააწნა. ნახეთ ვიდეო

საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს სამხრეთ საფრანგეთის რეგიონებში ვიზიტისას სილა გააწნეს.

ვიდეოზე, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჩანს, როგორ მიდის მაკრონი ჯებირთან ვალანსის გარეუბანში ერთ–ერთ კომუნაში ვიზიტისას ხალხთან მისასალმებლად. სწორედ ამ დროს შემოულაწუნა მას ერთ–ერთმა მამაკაცმა წამოძახილით: “ძირს მაკრონიზმი!“

ამის შემდეგ საქმეში დაცვა ჩაერთო და პრეზიდენტი ადგილიდან გაიყვანა. ფრანგული მედიის ინფორმაციით ინციდენტის შემდეგ ორი მამაკაცი დააპატიმრეს.

პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი ცვლილებების წინ შედგა. ხვალიდან საფრანგეთში შვიდთვიანი შეზღუდვების შემდეგ ყველა ბარი და რესტორანი იხსნება. შემცირდება კომენდანტის საათის დროც. ის 21 საათის ნაცვლად 23 საათზე დაიწყება.