რემდესივირი მეგობრებმა გამომიგზავნეს, ვის შეუძლია, ეს შეზღუდოს?! – ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე  ინფიცირების დროს, მის მიერ რემდესივირის გამოყენებაზე საზოგადოების ნაწილის კრიტიკას პასუხობს, რომ პრეპარატი ამს მეგობრებმა უცხოეთიდან გამოუგზავნეს. ამაზე მან პალიტრანიუსის გადაცემა “დღის ნიუსრუმში” ისაუბრა.

“მე მივიღე გადაწყვეტილება, ჩემს თავზე მაქვს უფლება, თუ მე მისი მწამს, თუნდაც ჯანმოს მიერ უარყოფილი მედიკამენტი გავიკეთო. წამოვიდა კრიტიკა, რატომ აღმოჩნდა თენგიზისთვის ხელმისაწვდომი და არა სხვებისთვის. ნუ, აქ მარტივი საკითხია – ეს არ იყო სახელმწიფო მარაგი. სახელმწიფო მარაგი ჯერ არ შემოსულა. ოფიციალურად ცნობილია, რომ ჩემი გამოჯანმრთელების მერე, გუშინწინ მოეწერა ხელი დადგენილებას და ეს შემოვა დაახლოებით 2 კვირაში.

მე მეგობრებმა უცხოეთიდან გამომიგზავნეს, ვის შეუძლია, ეს შეზღუდოს, თუკი პაციენტს და მითუმეტეს ექიმს სწამს ამ მედიკამენტის და უნდა გადაისხას? და მას უცხოეთში იცნობენ და იქიდან გამოუგზავნეს მედიკამენტი, რატომ უნდა იყოს ეს კრიტიკის საგანი?” – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.