„როგორც ჩანს, კვერცხები მათ საკმარისად აქვთ, კიდევ ჩავალ საქართველოში“ – ვლადიმერ პოზნერი

„როგორც ჩანს, კვერცხები მათ საკმარისად აქვთ, კიდევ ჩავალ საქართველოში“  –  ეს განცხადება, რუსმა პროპაგანდისტმა, ჟურნალისტმა და პუტინთან დაახლოებულმა პირმა, ვლადიმერ პოზნერმა, თბილისიდან დროზეადრე გამგზავრების შემდეგ, საკუთარ ვებგვერდზე გააკეთა. 

„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დაბადების დღე მომილოცა. თქვენ არ იცით, იყო ძალიან ბევრი მოლოცვა და თითოეულისთვის პასუხისა და მადლობის გადახდისთვის ძალა არ მეყო. ამიტომ, მინდოდა ეს დღეს გამეკეთებინა.

ასევე მადლობა გადამეხადა ყველასთვის, ვინც შეშფოთდა ჩემი მდგომარეობის გამო, როდესაც მეგობრებთან ერთად ვიყავით თბილისში, რათა იქ აღგვენიშნა ჩემი დღესასწაული. ეს არის გარკვეული ტრადიცია, ეს ჩვენ ორჯერ უკვე გავაკეთეთ – და აი, მესამედაც ჩავედით და იქ მოხდა ის, რაც მოხდა.

მე უკვე ვთქვი, რომ არ გავაკეთებდი კომენტარს ამ მოვლენაზე და არც ვაკეთებდი კომენტარს, მაგრამ იმის გამო, რომ განაგრძობენ ძალიან ბევრი კითხვის დასმას: მოგვიყევით, რა და როგორ… გადავწყვიტე, ეს ახლა გავაკეთო ყველასთვის და გავაკეთო ეს მოკლედ და გასაგებად.

როგორც მე მესმის, საქართველოში მიდის გამძაფრებული პოლიტიკური ბრძოლა და ოპოზიციამ გამოიყენა ჩემი ჩასვლა, რათა მოეწყო – არ ვიცი ამას რა ვუწოდო – შეკრების მსგავსი. გაიხსენეს ჩემი სამი წლის წინანდელი გამონათქვამი აფხაზეთის შესახებ, რათა ხმა მოეწვდინათ ჩვენთვის ავტობუსზე კვერცხის დაშენით – როგორც ჩანს, ქათმის კვერცხები მათ საკმარისად აქვთ – დაერტყათ ჩვენი რესტორნის კედლებზე, ჩვენი სასტუმროს აივნების ქვეშ ეყვირათ, დაესტვინათ და ა.შ. მე მივიღე გამგზავრების გადაწყვეტილება – რატომ უნდა ჩამეგდო საფრთხეში მეგობრები, სულ მცირე.

დავბრუნდით მოსკოვში და სრულიად მშვენივრად აღვნიშნეთ დაბადების დღე. თბილისის ეს გამოცდილება ძალიან დაგვეხმარა, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ. მთელი სიცხადით მინდა ვთქვა, რომ არავითარი წყენა საქართველოზე და ქართველებზე არ მაქვს, ამასთან, მე საპატიო კახელიც ვარ და მე, რა თქმა უნდა, კიდევ ჩავალ საქართველოში – უეჭველად. ისეთი კვერცხის სროლის მოყვარულები, განსაკუთრებით, თუკი ამისთვის ფულს გიხდიან, ყველა ქვეყანაში არსებობენ და როგორც უკვე ვწერდი, ისინი ყურადღებას არ იმსახურებენ“, – წერს პოზნერი.

ცნობისთვის, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 50–მდე მეგობართან ერთად დაბადების დღის ასაღნიშნად 31 მარტს, საღამოს ჩამოვიდა. ისინი რესტორან “რუმსში” ჩერდებოდნენ თუმცა სავახშმოდ “ვინოტელში” გადაინაცვლეს, სადაც აქტივისტებმა აქცია გამართეს. შრომის ინსპექციამ როგოროც სასტუმროს სტუმრები, ისე სასტუმრო, დააჯარიმა. პოზნერი და მისი მეგობრები პოლიციამ კორდონის დახმარებით გაიყვანა და სასტუმრო “რუმსში” დააბრუნა, სადაც შემდეგ შეკრებილმა აქტივისტებმა კვერცხები ესროლეს.

მწვავე პროტესტის ფონზე ვლადიმერ პოზნერმა და მისგმა მეგობრებმა, ქვეყანა, გამთენიისას, დილის 6 საათზე ჩარტერული რეისით დატოვეს და მოსკოვში დაბრუნდნენ. ის  საქართველოში გაჩერებას 3 აპრილამდე გეგმავდა.