როგორ დაგეხმარებათ 16 საათიანი შიმშილი სწრაფად გახდომაში. მსოფლიოში ინტერვალური კვება მოდური ხდება

იდეალური რეჟიმი მათთვის, ვისაც დიეტები და საათობრივი კვების რეჟიმი არ გამოსდის.
ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა გზა, ჭამოთ ყველაფერი რაც გინდათ და ამავე დროს გახდეთ. ამ მეთოდს ინტერვალურ შიმშილობას უწოდებენ. მეთოდის ეფექტურობა უკვე არაერთმა დიეტოლოგმა დაადასტურა. ბოლო წლებში კვების ასეთი რეჟიმი დიდ პოპულარობას იკრებს მათ შორის, ვისაც ზედმეტი წონის დაკლება ზედმეტი წვალების გარეშე სურს. დიდი ხნის მანძილზე ექსპერტები პროპაგანდას უწევდნენ საკვების რეგულარულ მიღებას და გვარწმუნებდნენ, რომ დღეში ხუთჯერადი კვება მეტაბოლიზმს აჩქარებს და სწრაფად გახდომაში გვეხმარება. შედეგად, გახდომის მსურველები ცდილობენ საუზმე არ გამოტოვონ და თავს აიძულებენ წაიხემსონ, თუნდაც იმ მომენტში არ შიოდეთ. მართლაც ჭირდება თუ არა ჩვენს ორგანიზმს ასთი რეჟიმი? დასავლეთში სპეციალისტები ბოლო დროს მივიდნენ დასკვნამდე, რომ არაფერია საშიში იმაში, თუ საუზმეს და ლანჩს გამოტოვებთ და სადილამდე, ან ვახშმამდე პატარა “შიმშილობას“ მოიწყობთ. თუნდაც ეს ეწინააღმდეგებოდეს სწორი კვების ყველა პრინციპს, რომელიც აქამდე ვიცოდით. ფაქტია, რომ ინტერვალური კვება გახდომას და ორგანიზმის გაჯანსაღებას ხელს უწყობს.

ვნახოთ რაში მდგომარეობს ინტერვალური კვების არსი:

ინტერვალური შიმშილი – ეს არის კვების რეჟიმი გახდომისთვის, რომლის დროსაც პერიოდულად საკვებზე მთლიანად ამბობთ უარს. ამ პერიოდში მხოლოდ წყალს მიირთმევთ . ყველაზე პოპულარული მეთოდია სისტემა 16/8 – საკვებზე უარის თქმა 16 საათის განმავლობაში, შემდეგ კი რვა საათის განმავლობაში კვება. მსგავსი კვება ორგანიზმს აიძულებს ცხიმის მარაგები დაწვას. ფასტინგის მთავარი პლუსი იმაშია, რომ არ არის საჭირო საკვებზე მთლიანად უარის თქმა. საკმარისია საუზმე, სადილი ან ვახშამი გამოტოვოთ. ემოციონალურად ეს ბევრად მარტივია, ვიდრე აბსოლუტური შიმშილობა, ან მაგალითად განტვირთვის დღეები წვენებით. ამასთან, არ არის არავითარი შეზღუდვა პროდუქტებში, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ დესერტიც მიირთვათ, შემწვარ–მოხრაკულიც და ცომეულიც.

რა არის ინტერვალური შიმშილის პრინციპი

კვებაზე 16 საათიანი უარის თქმა ინსულინის სეკრეციის ოპტიმიზირებას იწვევს, რაც ორგანიზმს ნაკლებად მგრძნობიარეს ხდის მაღალი გლიკემიური ინდექსის ნახშირწყლების მიმართ, ამცირებს შიმშილის გრძნობას. ჩვენი ორგანიზმი შიმშილობის პერიოდში იწყებს სათადარიგო ცხიმების წვას, არ ცდება საჭმლის მონელებაზე. უფრო მეტიც, ცარიელი კუჭი “ისვენებს“, და ეს იმუნიტეტს ამაღლებს და ჰორმონალურ ფონს აუმჯობესებს.

ზოგი დიეტოლოგი დარწმუნებულია, რომ კვების ასეთი პრინციპი აქვეითებს ანთებით პროცესებს ორგანიზმში, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, აუმჯობესებს აზროვნებას. ინტერვალური შიმშილისა და ვარჯიშების შედეგად შესაძლებელია ცხიმის დაწვის ხარჯზე კუნთოვანი მასის გაზრდა, სხეული უფრო რელიეფური და აჭიმული ხდება.

როდის შეიძლება კვება

თავიდან ჯობს განსაზღვროთ, როდის უფრო ადვილია თქვენთვის საკვებზე უარის თქმა – დილით თუ საღამოს. თუ საუზმობა ისედაც არ გიყვართ, შეგიძლიათ გამოტოვოთ. მაგალითად, თუ საღამოს 8 საათზე ივახშმეთ, ესეიგი შეგიძლიათ მეორე დღის 12 საათიდან გემრიელად მიირთვათ საკვები. ძილის გათვალისწინებით კვების გარეშე 16 საათი გამოგივათ. საღამოს 8–ზე კი შეგიძლიათ კარგად ივახმშოთ. შემდეგი 16 საათი კი საკვებს აღარ გაეკაროთ.

მოკლედ, შეგიძლიათ ეს ინტერვალი თქვენი რეჟიმის და სურვილის მიხედვით გადაანაცვლოთ. მთავარია 16 საათი საკვები არ მიიღოთ, 8 საათის მანძილზე კი საკვები მიირთვათ.

ვისთვის არ შეიძლება ინტერვალური შიმშილი

ფასტინგს, ისევე როგორც ყველა სხვა დიეტას უკუჩვენებები აქვს. ამიტომაც, სანამ ექსპერიმენტს ჩაატარებთ, ჯობს ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია. ინტერვალური შიმშილობა არ არის სასურველი მათთვის, ვისაც გასტრიტი, ნაღვლის ბუშტის ან თირკმელების პრობლემები აქვს, ასევე ფეხმძიმე ქალებისა და მეძუძური დედებისთვის.