როგორ დავიცავთ წესებს, ამაზე იქნება დამოკიდებული, როგორ გავატარებთ იანვარს – გახარია

“ყველას კარგად გვესმის, საახალწლო მობილობა როგორი იქნება, მაგრამ უნდა მოვახერხოთ წესების დაცვა. როგორ დავიცავთ ამ წესებს, ამაზე იქნება დამოკიდებული, როგორ გავატარებთ  იანვარს.”-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„როგორ არის დალაგებული – სამ კვირაზე ოდნავ მეტი საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები, რომლებიც რეალურად აგდებს მობილობას, შემდგომ,  ერთ კვირიანი შესაძლებლობა საახალწლო პერიოდში, თუმცა ვამბობთ, რომ უმკაცრესად იქნება გაკონტროლებული ყველა ის დაწესებულება, რომელიც გაიღება და ამ პერიოდში იმუშავებს, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ, პარალელურად, მოქალაქეებს ვეუბნებით, რომ ფაქტობრივად, 31 დეკემბრიდან 15 იანვრამდე, თქვენ უქმე დღეები გაქვთ, დასვენების დღეები გაქვთ. რა თქმა უნდა, ამასაც თავისი დატვირთვა აქვს, იმისთვის, რომ ადამიანმა წინასწარ დაგეგმოს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ 15 რიცხვი პარასკევია და ამას ებმება შემდგომ, 18 რიცხვამდე, შაბათი და კვირა, ფაქტობრივად, დაახლოებით 3 კვირა, ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი გადაადგილება წინასწარ დაგეგმონ. ამას აქვს მნიშვნელობა იმიტომ, რომ იმ 1 კვირიანი გახსნის პირობებში,  მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ 1 კვირიანი გახსნის პირობებში რამდენიმე მნიშვნელოვან სისტემურ შეზღუდვას მაინც ვინარჩუნებთ, ეს არის, მაგალითად 21:00 საათის შემდგომ გადაადგილებაზე შეზღუდვა, რესტორნების არ გახსნა და კიდევ ბევრი რამ, ეს მაინც, მობილობის გარკვეულ დაბალ დონეს შეინარჩუნებს, თუმცა გეთანხმებით, რომ უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება, ამ 1 კვირის განმავლობაში, ელემენტარული წესების დაცვას. ყველას კარგად გვესმის, საახალწლო მობილობა როგორი იქნება, მაგრამ უნდა მოვახერხოთ წესების დაცვა. როგორ დავიცავთ ამ წესებს, ამაზე იქნება დამოკიდებული, როგორ გავატარებთ  იანვარს. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ 3 რიცხვის შემდეგ, იმ ქალაქების და ქვეყნის მასშტაბით, ბრუნდება ის შეზღუდვები, რომლებიც დეკემბრის პირველ ნახევარში გვაქვს, მაგრამ 16 იანვრიდან, უკვე გადავდივართ მხოლოდ შაბათ-კვირის შეზღუდვებზე, თვის ბოლომდე“, –  აღნიშნა პრემიერმა.