როგორ შეუძლია შეთანხმების მილოცვა, რომელიც რუსეთის ოკუპაციას ამყარებს? – აშშ-ს ყოფილი ელჩი ზურაბიშვილს აკრიტიკებს

ამერიკის შეერთებული შტატების, ყოფილი ელჩი, იან კელი ყარაბაღის შეთანხმებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მილოცვას სოციალურ ქსელში აკრიტიკებს.

“როგორ შეუძლა საქართველოს პრეზიდენტს შეთანხმების მილოცვა, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს კავკასიაში რუსეთის კიდევ ერთ ოკუპაციას და ბლოკავს დასავლეთს?” – წერს იან კელი ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცოტახნის წინ გაავრცელა განცხადება სადაც მთიანი ყარაბაღის ომში ფასილიტატორ რუსეთს მადლობა გადაუხადა.

“ახალი ეპოქა იწყება კავკასიაში. მე ვულოცავ ჩვენ მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ტრაგიკული ომის დასრულებისთვის და მადლობა ყველა ფასილიტატორს. ჩემი თანაგრძნობა მსხვერპლის ოჯახებს.მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს! ჩვენ კავშირის ახალ თავს ერთად ვიწყებთ”. – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

10 ნოემბერს სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა მთიანი ყარაბაღის ომის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. რუსეთმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში სამშვიდობო ძალების განლაგება უკვე დაიწყო.

შეთანხმების მიხედვით, მხარეებმა ცეცხლი შეწყვიტეს. შედეგად, აზერბაიჯანი იტოვებს ყველა იმ ტერიტორიას, რაც 27 სექტემბრის შემდეგ აიღო, მათ შორის მთიანი ყარაბაღის რეგიონში სიდიდით მეორე ქალაქ შუშას. გარდა ამისა, სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა გადასცეს აღდამის მხარეში დაკავებული ტერიტორიები, ქალბაჯარის და ლაჩინის რეგიონები. თუმცა, დარჩება ლაჩინის დერეფანი, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის დაკავშირებას სომხეთთან.

ასევე, სომხეთმა უნდა უზრუნველყოს აზერბაიჯანის სატრანსპორტო კავშირი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან. ტრანსპორტს რუსეთის FSB-ს სასაზღვრო სამსახურის ორგანოები გააკონტროლებენ. რუსი სამშვიდობოები ფრონტის ხაზის და ასევე მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განლაგდებიან.