რომ მოიგონ, შეიძლება გადაგვაგდონ, ან დაგვიჭირონ – მეგრელიშვილი ოპოზიციაზე

პარტია გირჩის ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ ამჟამად როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება აშინებს.

,,ეს ხალხი თავისი მოქმედებით და სიტყვებით როგორც ამომრჩეველს ელაპარაკება, ისე მეც მელაპარაკება. არავის არ აქვს ჩემზე გავლენის მოხდენის არანაირი შესაძლებლობა, ვიმოქმედებ იმის მიხედვით, როგორც ესენი იმოქმედებენ.

ჩვენნაირ პარტიას ყველა დაიჭერდა, მე მადლიერი ვარ „ქართული ოცნების“, რომ მანამდე არ დაგვიჭირა, ამას ვაფასებთ.

მე არ მგონია, რომ ავტომატურად ბედნიერება მელოდება, თუ ეს ხელისუფლება წავა და სხვა მოვა, ამიტომ მე ვარ კრიტიკული. ოპოზიციის ქცევა, როგორი დამოკიდებულებაც ჩვენს მიმართ აქვთ, არის ძალიან საშიში, ასე რომ მოიქცნენ და ხელისუფლებაში, რომ მოვიდნენ, ხომ საშინელებას უნდა მოველოდო? ამ წამს მაშინებს როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე თქმით, ოპოზიციამ რომ გაიმარჯვოს შესაძლოა “დაიჭირონ ან გადააგდონ“.

,,როდესაც ოპოზიციასთან ვმუშაობდით ჩვენ გვეგონა, რომ ჩვენი პარტნიორები უარს ამბობდნენ იმ ცენტრალიზებულ სისტემაზე, რომელიც ახლა გვაქვს. ჩვენ მათ შევუთანხმდით სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებაზე. ოპოზიციამ გავაფორმეთ შეთანხმება, რომ თუ ჩვენ მოვიდოდით ხელისუფლებაში, რაც დღეს ხდება ნიკა მელიას თავს ან გიორგი რურუას თავს ეს აღარ მოხდებოდა და ერთმანეთს აღარ დავიჭერდით.

მაშინ კი არ მიყვარდა „ნაციონალური მოძრაობა“? ვეკითხებოდით, რომ დაგეხმაროთ მთავრობის შექმნაში ხომ არ დაგვემუქრება საფრთხე, რომ შემდეგ დაგვიჭერთ? ამის დაზღვევა იყო სწორედ ის შეთანხმებები რომლებსაც ვაფორმებდით ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ვერ მოვედით კოალიციურად, აღმოჩნდა, რომ ჩვენს პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებს ეს ნაწილი არ აინტერესებთ. ახლა, რომ სინამდვილეში ამათმა მოიგონ, შეიძლება გადაგვაგდონ, ან ბოლობოლო დაგვიჭირონ”, – აცხადებს მეგრელიშვილი.