როცა ასეთი ბოროტი ოპოზიცია გყავს, ასეთი განცხადება არ უნდა გააკეთო – ვოლსკი ზურაბიშვილს

უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება.

ვოლსკის თქმით, როცა ქვეყანაში ჩასაფრებული და „ბოროტი” ოპოზიცია არსებობს პრეზიდენტმა მსგავსი განცხადებები არ უნდა გააკეთოს.

მისივე განმარტებით, სალომე ზურაბიშვილს ცუდი არაფერი უგულისხმია და ის ტრადიციებზე ლაპარაკობდა, რომელიც აღიარებას ეხება.

„როდესაც ასეთი ჩასაფრებული და ბოროტი ოპოზიცია გყავს რა საკვირველია არ უნდა გააკეთო ასეთი განცხადება, ერთი-ერთზე ჩხუბი მოგწონს თუ ჯგუფური ჩხუბი მოგწონს. ფაქტია, რომ პრეზიდენტს ცუდი არაფერი უგულისხმია და თუ ის ტრადიციებზე საუბრობდა, ლაპარაკობდა ტრადიციაზე, რომელიც ეხება აღიარებას. რომელიც ეხება, მონანიებას. სწორედ ეს არის ტრადიცია, რაზედაც სალომე ზურაბიშვილი მიუთითებდა“,-აცხადებს გია ვოლსკი.

დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი გიორგი შაქარაშვილის დაღუპვის საქმეზე განაცხადა, რომ “ვაჟკაცობა ერთი ერთზე იცის”, ჯგუფური ძალადობა კი “არაქართულია”.