როცა ბიძინამ პროპორციული დათმო, გახარიას გადადგომის მოთხოვნა არასწორი იყო – ხვიჩია

გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია 2019 წლის 20 ივნისის აქციებს იხსენებს. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა პროპორციული არჩევნების ჩატარებაზე თანხმობა განაცხადა, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნისთვის მხარი არ უნდა დაეჭირა.

კითხვაზე, თუ არსებობს საკითხი, რაც საჯარო სივრცეში გაუცხადებია და შემდეგ უნანია, იაგო ხვიჩია ასე პასუხობს:

“ბევრს არ მოეწონება ეს ამბავი, მაგრამ თავის დროზე, როდესაც ბიძინამ პროპორციული არჩევნები დათმო, იყო აქციის 3 მოთხოვნა. მთავარი მოთხოვნა იყო პროპორციული არჩევნები და იყო გახარიას გადადგომა. ბიძინამ რომ ეს დათმო, მის მერე აქციამ ისევ დაუჭირა მხარი გახარიას გადადგომას. მაშინ ვფიქრობდი, რომ არ უნდა დამეჭირა მხარი ამისთვის, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი იყო დათმობილი, მაგრამ რაღაცნაირად ბოლომდე ვერ მივიღე ეგ გადაწყვეტილება და გირჩმა მაშინ დავუჭირეთ ორივე მოთხოვნას მხარი.

მალე მივხვდი, რომ არასწორი იყო, იმიტომ რომ უფრო მნიშვნელოვანი დაიდო, მაგრამ უკვე მხარდაჭერილი იყო. ახლა მაგას არ გავაკეთებდი. როცა მნიშვნელოვან მოთხოვნას გითმობენ, შედარებით არამნიშვნელოვანი, ან ძალიან არამნიშვნელოვანი მოთხოვნები მანდ… მერე ეს გამოიყენა ქართულმა ოცნებამ, არ დამიფასესო, აქციები არ შეწყვიტესო – მე ყველაზე ნაკლებად მეხებოდა. მარტო მე ვიცავ ბიძინას ამ იდეას, ქართული ოცნების წევრები არ იცავენ, ეს ხო ნაღდად არ შესრულებულა, ვჩალიჩობ, რომ დავეხმარო”,– ამბობს ხვიჩია გია გაჩეჩილაძის გადაცემაში “უცნობის კიდობანი”.

ცნობისთვის, 2019 წლის 20 ივნისის, ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართებოდა. საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების მოთხოვნა მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა, სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და დაკავებულების გათავისუფლება იყო.

2019 წლის 24 ივნისს, პარტია „ქართული ოცნების“ მაშინდელმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილი განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერით ჩატარდებოდა, თუმცა შემდეგ პირობა არ შეასრულა.