რუსეთის სამედიცინო-ბიოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი გახლდათ სტუმრად, გაკვირვებული დარჩა, რომ თურმე ქართველებს შეგვძლებია – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა რუსეთის თანამდებობის პირების მიერ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გამოთქმული ეჭვების შესახებ, რომელიც პერიოდულად კეთდება, კომენტარი გააკეთა. მან რუსეთის გაღიზიანების მიზეზი განმარტა:

„ჩვენ გვაქვს ამერიკული პრაიმერები, გვაქვს ამერიკული ტესტები, ყოველდღე ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან არის ურთიერთობები, ვიღებთ რჩევებს, კონსულტაციებს, ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას. ჩვენი პარტნიორები ვართ უკვე და არა ისე, როგორც იყო, ერთი იყო „უფროსი ძმა“, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და უნდოდა ჰყოლოდა უმცროსი. არა, ბატონო, აღარ არის ეს უფროს-უმცროსობა, არის პარტნიორული ურთიერთობა. სიამოვნებით, თუ უნდათ პარტნიორული ურთიერთობა, ხშირად მოვიწვიეთ ჩვენ რუსები აქ, რუსი მეცნიერები. იყო კიდეც რამოდენიმე, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამედიცინო-ბიოლოგიური ინსტიტუტის დირექტორი გახლდათ სტუმრად კონფერენციაზე, რომელიც შევიყვანეთ, დავათვალიერებინეთ, ამას ვაკეთებთ, ამ კვლევებს ვატარებთ და ცოტა გაკვირვებული დარჩა, რომ თურმე ქართველებს შეგვძლებია და აღარ არის საჭიროება იმისა, როგორც ადრე იყო, თუ გრიპის დიაგნოზს ვერ სვამდი, უნდა გაგეგზავნა, მაშინ ლენინგრადი ერქვა, სანქტ-პეტერბურგში. ახლა აღარ ვაგზავნით, რადგან აქ ვაკეთებთ. პოლიომიელიტის დიაგნოზისთვის უნდა გაგეგზავნა მოსკოვის პოლიომიელიტის ინსტიტუტში, ახლა აქ დგინდება; წითელა-წითურაზეც უნდა გაგეგზავნა მოსკოვში, ახლა ესეც აქ დგინდება და თუ რამე საეჭვოა, ჩვენთვის არსებობს რეფერალი ლონდონი, ჰელსინკი, აღარ არის ბატონო რუსეთი. ამიტომ არის ბევრი ეს გამაღიზიანებელი ფაქტორი, ის პროვოკაციული გამონათქვამები, რომ თითქოს ჩვენ აქ მეცნიერებით და მედიცინით კი არ ვართ დაკავებული, თითქოს სხვა რაღაცებზე ვფიქრობ და ამას მხარს უბამენ ეს პატარ-პატარა ჯუჯა მათი სატელიტები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.