რუსეთი 1 აგვისტოდან საერთაშორისო ავიამიმოსვლას აღადგენს

1 აგვისტოდან რუსეთი საერთაშორისო ავიამიმოსვლას აღადგენს. მოსკოვის, პეტერბურგის და დონის როსტოვის აეროპორტებიდან შესაძლებელი იქნება თურქეთში, ბრიტანეთში და ტანზანიაში გაფრენა. მოთხოვნა ამ ქვეყნებში ტურებზე და ავიაბილეთებზე მომენტალურად მკვეთრად გაიზარდა. რუსეთმა საერთაშორისო ავიამიმოსვლა 27 მარტს კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვიტა, თუმცა ბევრ მსხვილ ქალაქში ფრენები ორი კვირით ადრე შეწყდა. თავდაპირველად აკრძალვა შიდა რეისებსაც ეხებოდა, თუმცა 13 მაისს ეს  შეზღუდვა მოიხსნა.

ავიაკომპანიები და მსხვილი ტურისტული სააგენტოები აკრძალვის გაუქმების შესახებ განცხადების შემდეგ პოზიციის გამოხატვას არ ჩქარობდნენ, რადგან დარგობრივ უწყებებს – როსავიაციას და როსტურიზმს ჯერ არ მოუხდენიათ შესაბამისი დოკუმენტების და ინსტრუქციების კორექტირება, რომლებიც ახალ პირობებში ფრენებს დაარეგულირებს.

თუმცა, ფრენების განახლების შესახებ ინფორმაციას იმდენად დიდხანს ელოდნენ, რომ ონლაინ ბილეთების საძიებო სერვისებზე  მოთხოვნა თურქეთის მიმართულებით სამჯერ გაიზარდა, ბრიტანეთის მიმართულებით ხუთჯერ, ტანზანიის მიმართულებით კი სამოცდაათჯერ.