სააკაშვილს, როგორც ჩანს, პოლიტიკური კომპასი არეული აქვს – არჩილ თალაკვაძე

მიხეილ სააკაშვილს, როგორც ჩანს, პოლიტიკური კომპასი არეული აქვს, – ასე აფასებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველოში სწორედ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მოხდა სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემა.

“მიხეილ სააკაშვილს, როგორც ჩანს, პოლიტიკური კომპასი არეული აქვს. ამიტომ, რაც მან და მისმა გუნდმა უნდა გააკეთოს არის ის, რომ ეს კომპასი გაუსწორონ. არეული კომპასით პოლიტიკურ პროცესებში მოძრაობა ძალიან არაეფექტურია და წამგებიანი. სწორედ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მოხდა სტრატეგიული ობიექტების მიყიდვა რუსეთზე”, – აცხადებს თალაკვაძე.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რუსეთის ინტერესებს კი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემსახურებოდა.

“თუ ვინმე მოძრაობდა ხელგაშლილი რუსეთის ხელისუფლების მიმართულებით, თუ ვინმე ატარებდა რუსეთის ინტერესებს, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი. სიტყვით აცხადებდნენ, რომ პრო – დასავლურები იყვნენ, საქმით კი აბსოლუტურად პრორუსები. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის განმტკიცება, საკუთრება და ბიზნესი დაცულია, მედია მრავალფეროვანია. ქვეყანას აქვს ახალი ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული კონსტიტუცია, არჩევნები ტარდება დემოკრატიულად. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ჩვენ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის, ეროვნული ინტერესების შესაბამის კურსს, პროდასავლურ პოლიტიკას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოდან პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია.