საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა აუქციონზე იყიდება.საწყისი ფასი 122 მილიონია

საქართველოს პირველმა არხმა თბილისში, კოსტავას 68-ში მდებარე შენობის გასხვისებაზე აუქციონი გამოაცხადა. ორშაბათს  სამეურვეო საბჭოს სხდომაზე   შენობის აუქციონზე გატანის საკითხს ერთხმად დაუჭირეს მხარი.

აუქციონის პირობები  ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. აუქციონზე ინტერესის დასაფიქსირებლად მსურველებს 30 დღიანი ვადა აქვთ.

გასაყიდად არის გამოტანილი 33209 კვ. მ. მიწა და 23649 კვ. მ. შენობა ნაგებობები.

აუქციონზე მყიდველისთვის შემდეგი პირობაა ჩადებული:

– გასაყიდი უძრავი ქონების განკარგვა/სარგებლობას მყიდველი შეძლებს 2023 წლის 1-ლი კვარტლის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც დასრულდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის მშენებლობა, მაუწყებელი გადავა ახალ შენობაში და გამოათავისუფლებს გასაყიდ ქონებას;

– გასაყიდი ქონების საფასურის 1-ლი ნაწილი – 40 პროცენტი გადახდილი უნდა იქნას აუქციონის დასრულებიდან (გამარჯვებულის გამოვლენიდან) 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში;

– გასაყიდი ქონების საფასურის მე-2 ნაწილი – 10 პროცენტი გადახდილი უნდა იქნას 2021 წლის 1 ივლისამდე;

– გასაყიდი ქონების საფასურის მე-3 ნაწილი – 25 პროცენტი გადახდილი უნდა იქნას 2022 წლის 31 დეკემბრამდე;

– გასაყიდი ქონების საფასურის მე-4 ნაწილი – 25 პროცენტი გადახდილი უნდა იქნას 2023 წლის 1 აპრილამდე;

მყიდველი ტერიტორიის განკარგვას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ შენობაში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე გადავა. 9 ივნისს საქართველოს პირველმა არხმა ახალი შენობის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.