საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. დადგენილება  №322  23 მაისით თარიღდება და მას “ იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ “ ქვია.

დადგენილება 2020 წლის 15 ივლისამდე მოქმედებს, ისევე როგორც მუხლი 2. მიმოსვლის რეგულირების შესახებ, რომლის მიხედვით:

1. ჩერდება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა.

2. ჩერდება პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული რეისები. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ ფრენებზე, რომლის დროსაც უცხო ქვეყნებიდან საჰაერო ხომალდი ჩამოფრინდება საქართველოში მგზავრების გარეშე, საქართველოდან მგზავრების გაყვანის მიზნით. შეზღუდვა აგრეთვე არ ვრცელდება სატვირთო, სამთავრობო, სამხედრო, ამბულატორიული, ავარიული, ტექნიკური დაჯდომის მიზნით განსახორციელებელ, საავიაციო სამუშაოების განმახორციელებელ და ძებნა-შველის ფრენებზე, ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის მცურავი საშუალების ორგანული ვერტმფრენის მიერ საქართველოს ტერიტორიული ზღვის ფარგლებში სასწავლო მიზნებით განხორციელებულ ფრენებზე.

3. არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ეხება საერთაშორისო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ნატოს დროშის ქვეშ მცურავი სამხედრო-საზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვასა და ნაოსნობისათვის ღია ნავსადგურებში შემოსვლას.

5. ჩერდება:

ა) სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ ოპერაციულ შტაბთან  (შემდგომში – ოპერაციული შტაბი) შეთანხმებით;

ბ) საქალაქთაშორისო ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით;

გ) საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება;

დ) რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მიზნით. არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.

ინფორმაციის განახლება: გვიან საღამოს მთავრობამ განმარეტება გააკეთა საკუთარ დადგენილებასთან დაკავშირებით, რომელშიც წერია რომ საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა 15 ივლისამდე აკრძალულია.

მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ  არსებული შეზღუდვების მაქსიმალურ ვადად 15 ივლისი განისაზღვრა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მოქმედი ყველა შეზღუდვა ზუსტად 15 ივლისამდე დარჩება და შეზღუდვები ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს შეიძლება მოიხსნას. მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, უშუალოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებითაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციას ელოდებიან და ვითარების ანალიზის საფუძველზე მიიღებენ ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილებას, რის შესაბამისადაც დადგენილებაში ცვლილებები განხორციელდება.