საკონსტიტუციო ცვლილებებს ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი მიესალმება

საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფეისბუქზე ეხმაურება. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად, შემდეგი მოწვევის პარლამენტი პოლიტიკურად მრავალფეროვანი და უფრო მაღალი ლეგიტიმაციის იქნება

“მივესალმები საქართველოს პარლამენტის 29 ივნისის გადაწყვეტილებას, რისი შედეგიც იქნება პოლიტიკური სპექტრის უფრო ფართო წარმომადგენლობა შემდეგი მოწვევის პარლამენტში და, შესაბამისად, უმაღლესი წარმომადგენლობითი ინსტიტუტის უფრო მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხი.

ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას ამ დემოკრატიულ მიღწევას. მადლობა ყველა პოლიტიკურ ძალას, ვინც უზრუნველყო ეს წინგადადგმული ნაბიჯი. მადლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და ფასილიტატორ ელჩებს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესის ხელშეწყობისათვის“ – წერს კვირიკაშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც საარჩევნო სისტემას ცვლის. ცვლილებების შედეგად პარლამენტში 120 პროპორციული წესით და 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება.