სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალი– რატომ ლობირებს პრეზიდენტი იდეას, რომელიც რეგიონში რუსეთს აძლიერებს

საქართველოს პრეზიდენტის კიდევ ერთი განცხადება მწვავე რეაქციის მიზეზი ხდება.  სალომე ზურაბიშვილმა “ელჩების კონფერენცია 2020-ზე” კავკასიის სტაბილურობაზე ისაუბრა და მოიწონა ე.წ. “კავკასიური პლატფორმის იდეა“:

“კონფლიქტი კავკასიაში დიდი გამოწვევა იყო ჩვენი რეგიონისთვის, ამავდროულად მშვიდობის დაბრუნება სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო ჩვენ რეგიონში ყველასთვის. საქართველოს დროშა არ შეიძლება იყოს პასიური ‘კავკასიის პლატფორმაზე’, ჩვენი ისტორიული როლი იყო და არის ყველას ერთად შეკრება. ვიმედოვნებ, რომ 2021 იხილავს ამაში ჩვენს აღორძინებას”, – თქვა ზურაბიშვილმა.

რას წარმოადგენს კავკასიური პლატფორმა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს მოსწონს:

დეკემბრის დასაწყისში  თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, ბაქოში, კოლეგებთან განიხილა კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის პლატორმა, რომელმაც შეიძლება ახალი ფურცელი გადაშალოს სომხეთთან ურთიერთობაში, თუ ერევანი “პოზიტიურ ნაბიჯებს” გადადგამს.

ერდოღანმა თქვა, რომ რეგიონული პლატფორმა – რომელიც მოიცავს რუსეთს, თურქეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ირანსა და სომხეთს – ყველასთვის მომგებიანი იქნება და რომ ვლადიმერ პუტინიც დაინტერესებულია იდეით.

“თუ სომხეთი პოზიტიურად განავითარებს ამ პროცესს, ჩვენ გავუღებთ მას საზღვრებს. ჩვენი ერთდერთი ინტერესია, რომ მონაწილეობა მივიღოთ რეგიონულ მშვიდობაში”, – თქვა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ ყარაბაღში კონფლიქტის დასრულების შემდეგ რუსეთმა ადგილზე სამშვიდობოები განალაგა. შეთანხმების მიხედვით, რუსეთი და თურქეთი ერთობლივად დააკვირდებიან შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტაზე.

“კავკასიური პლატფორმის“ იდეაზე სალომე ზურაბიშვილმაც  11 დეკემბერს, პარლამენტის პირველ სხდომაზეც ისაუბრა:

“ახალი მიდგომა გვჭირდება კავკასიაში ჩვენი მეზობლების და ახალი მოცემულობის გათვალისწინებით. საჭიროა, საქართველომ დაიბრუნოს ისტორიული როლი, როგორც კავკასიის ძრავამ და გამაერთიანებელმა. ამისთვის შესაძლებელია, ვიფიქროთ ‘კავკასიური მშვიდობის პლატფორმის’ იდეაზე… გააძლიერებს ამ რეგიონის პოტენციალს, შეასრულოს სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ენერგეტიკის ჰაბის როლი”.

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლისას ბუნდოვანი იყო, რას გულისხმობდა ზურაბიშვილი, მას შემდეგ კი, რაც მან მსგავსი განცხადება უკვე ელჩების კონფერენციაზე გააკეთა, მის პოზიციას კრიტიკა ჯერ საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩისგან, იან კელისგან, შემდეგ კი აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი სარდალისგან, ბენ ჰოჯესისგან მოჰყვა.

უცხოელი პარტნიორებისთვის საინტერესოა, რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს ‘კავკასიური პლატფორმის’ პოპულარიზაცია, როდესაც ეს ხელს უწყობს რეგიონის საქმეებში რუსეთის ჩარევას და აცემენტებს ოკუპანტს საზღვრებზე.

ისინი კრიტიკით შეხვდნენ ზურაბიშვილის ნათქვამსაც, რომ “მშვიდობის დაბრუნება სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო ჩვენს რეგიონში ყველასთვის”, რადგან ვიცით, რომ ყარაბაღში “მშვიდობის დაბრუნებას” რუსული ჯარები ახორციელებენ. ეს კითხვა იან კელიმაც დასვა:

“რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს ამ კავკასიური პლატფორმის პოპულარიზაცია, როდესაც ეს ნიშნავს, რომ რუსეთსა და ირანს უნდა მიეცეთ ხმა თქვენს რეგიონალურ საქმეებში?”- ასე ეხმაურება Twitter-ზე საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, იან კელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის “ელჩების კონფერენცი 2020-ზე”  სიტყვით მიმართვას.

სალომე ზურაბიშვილის მიმართ კი კრიტიკული განცხადებები, არა მხოლოდ დასავლელი პარტნიორების, არამედ ოპოზიციის მხირდანაც გაკეთდა. მათი თქმით, ეს პლატფორმა ახალ გეოპლიტიკურ გადანაწილებას გულსხმობს თურქეთის, ირანის, რუსეთისა და კავკასიის ქვეყნების მონაწილეობით და ეს ყველაფერი დასავლეთისა და ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის გარეშე მოხდება.

ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი სარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის, იან კელის, ტვიტს, სადაც დიპლომატის აინტერესებს, რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს კავკასიური პლატფორმის პოპულარიზაცია, როდესაც ეს ნიშნავს, რეგიონალურ საქმეებში რუსეთისა და ირანის ჩარევას, ეხმაურება და ტვიტერზე წერს:

“შეცდომა… განა საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა წარმოადგენდეს სუვერენულობას? რატომაა საქართველოსთვის მომხიბვლელი გეგმა, რომელიც აცემენტებს რუს ოკუპანტებს საზღვრებზე? რატომ რთავას ნებას საქართველო, თავის საჰაერო სივრცის გავლით სომხეთში “რუსი სამშვიდობოების” გადაფრენას, როცა რუსეთის ჯარებს ქართული მიწა ოკუპირებული აქვთ?” – დატვიტა გენერალმა.