სალომე ზურაბიშვილმა პატრიარქს იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ნინოს ხატი გადასცა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს ესტუმრა და იერუსალიმიდან ჩამოტანილი წმინდა ნინოს ხატი გადასცა, რომელიც თავად ილია მეორის ლოცვა-კურთხევით საქართველოში 1994 წელს დაიწერა და ამავე წელს იერუსალიმში გაიგზავნა, სადაც ქართველ მონაზვნებთან ინახებოდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, “26 წლის შემდეგ, წმინდა ნინოს ხატი წმინდა ნინოს მსგავსად, სიმბოლურად, იერუსალიმიდან საქართველოში გამოემგზავრა, სადაც წმინდა ნინოს გზას გაივლის და ამ გზას 11 ივლისს მცხეთაში დაასრულებს; 12 ივლისს კი, პეტრე-პავლობის სადღესასწაულო წირვაზე სვეტიცხოვლის ტაძარში დაასვენებენ”.