სამადაშვილმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ განიხილავენ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში კონკურენტი დამიყენონ – ჯაფარიძე

“სამადაშვილმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ განიხილავენ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში კონკურენტი დამიყენონ” – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის საპასუხოდ განაცხადა.

„მე ვთქვი, რომ ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები. ეს სრულიად სხვა რამ არის, მე არასდროს არ მითქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები, ან რომელიმე პარტიის მხარდაჭერა ჩემთვის უმნიშვნელოა. პირიქით, როდესაც მე დამასახელეს ერთიან კანდიდატად დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში, მე საჯაროდ მადლობა გადავუხადე ყველა პარტიას, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობასაც“. იმის გამო, რომ მათ მხარი დამიჭირეს, სულაც არ ნიშნავს, რომ ახლა პირში წყლის ჩაგუბებას ვაპირებ და თუ რაღაც გასაკრიტიკებელი იქნება ვინმეს არ გავაკრიტიკებ. ასეთი შეთანხმება არ ყოფილა, რომ მე ამის გამო უნდა გავჩუმებულიყავი.

ის, რომ მათ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში კანდიდატი არ დააყენეს, ეს არანაირი საჩუქარი არ არის. არ ვიცი ეს მთლიანი პარტიის მოსაზრებაა თუ არა, თუმცა არანაირი საჩუქარი ეს არ ყოფილა. მარტივი მათემატიკა სჭირდება იმის დაანგარიშებას რამდენი ადგილი ეკუთვნის გირჩს 30 მაჟორიტარული ოლქიდან. ქალბატონმა სალომე სამადაშვილმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ განიხილავენ და შესაძლოა კონკურენტი დამიყენონ. ამიტომ, ყველაფერს ველოდები. წარმოდგენა არ მაქვს ვინ იქნება მათი კანდიდატი და სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.