სამშობლოდან თქვენი თაობის დანატოვარ კორუფციას გავექეცი – ამერიკაში მცხოვრები ექიმი ცერცვაძეს

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ეხმიანება. ცერცვაძემ უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებს მოუწოდა, “საკუთარ ქვეყნებს მიხედონ”.

“საქართველო ჩემი სამშობლოც ისევეა როგორც თქვენი… სამშობლოდან თქვენი თაობის დანატოვარ კორუფციას და უსამართლობას გავექეცი თავის დროზე. ბევრისგან განსხვავებით, საქართველოსთვის არასდროს არაფერი მითხოვია, პირიქით ჩემი შვილების ლუკმას ვუყოფ იქ დარჩენილ გაღატაკებულ ოჯახის წევრებსა თუ ახლობელ მეგობრებს. ამ ძნელბედობის ჟამს ვცდილობ, ცოდნით და გამოცდილებით შევეხიდო იმ ადამიანებს, ვინც სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ ღებულობს, მხოლოდ იმიტომ, რომ გავლენიანი პატრონი არ ჰყავს, ვერ მიდგება, მოდგება და ვერ იპოვის ადგილს ჰოსპიტალში… მათი პრობლემები ჩემი და უამრავი, ჩემსავით უცხოეთში გადახვეწილი ქართველი ექიმის ყოველდიურობა გახდა… რაც შეეხება შეცდომებს და პრობლემებს, ამაზე შუაგულ ომში არ საუბრობენ, მაგრამ ესეც ჩაივლის და ანალიზის დროც აუცილებლად დადგება…”,– წერს ნანა გეგეჭკორი ფეისბუქის გვერდზე.

გუშინ თენგიზ ცერცვაძემ გუშინ განაცხადა, რომ სახელისუფლებო ვერტიკალი, ჯანდაცვის სისტემა და ექიმები ეპიდვითარებას ეფექტიანად მართავენ.

მან უცხოეთში მოღვაწე ქართველ ექიმებს, რომლებიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აკრიტიკებენ, მოუწოდა, “საკუთარ ქვეყნებს მიხედონ”, რადგან იქ უფრო მძიმე ვითარებაა, ვიდრე საქართველოში.