სანამ განცხადებებს გააკეთებენ ჩვენი მეგობრები, საქმე დეტალურად შეისწავლონ – ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ სანამ ისინი რამეს განაცხადებენ, საქმეს დეტალურად გაეცნონ.

ვოლსკის თქმით, არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სასამართლოს გადაწყვეტილებაში ჩარევა შესაძლებელია.

,,იმის მოთხოვნა, რომ პარტიულმა, სამთავრობო ან საპარლამენტო სტურქტურამ სასამართლოს მიუთითოს, როგორ მოიქცეს ან იუსტიციის სამინისტროს, რომ გააღოს საკნის კარები და გამოუშვას კონკრეტული პირები – არ არსებობს. არსებობს კიდევ ერთი აუცილებლობა, სანამ ასეთ განცხადებას გააკეთებს ნებისმიერი ჩვენი მეგობარი, ჩვენ მიმართ ცუდად განწყობილი ადამიანი, ოპონენტი თუ მხარდამჭერი, საქმე უნდა შეისწავლოს დეტალურად და შემდეგ გადაწყვიტოს, რა შინაარსის განცხადება გააკეთოს,“- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, 12 მაისს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა რიშიმ  განაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან ელოდება 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, რაც “პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს”.

ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებებისას შუამავალი დიპლომატების განცხადება ტვიტერის გვერდზე გააზიარა და  მედიატორთა განცხადებას მიესალმა.

„იდეალურად არის  ნათქვამი. უმნიშვნელოვანესია, რომ შეთანხმება შესრულდეს და წინ წავიდეთ”, – დაწერა კინზინგერმა.

განცხადება გაავრცელეს ელჩებმაც, რომლებმაც თქვეს რომ 8 მარტის შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება, რომელიც უნდა შესრულდეს.