საპარლამენტო უმრავლესობა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე მუშაობის განახლებას არ აპირებს

საპარლამენტო უმრავლესობა უარს ამბობს ოპოზიციის მოთხვონაზე და საგანგებო ორგანიზაციის დასრულებამდე საპარლამენტო საქმიანობის განახლების საჭიროებას ვერ ხედავს. პარლამენტი 22 მაისამდე მუშაობას არ განაახლებს. დეპუტატები მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში შეიკრიბებიან.  უმრავლესობაში ამბობენ, რომ ახლა პრიორიტეტი პანდემიასთან ბრძოლაა და “ქართული ოცნების” დეპუტატები ამ ეტაპზე ამ პრობლემებთან ბრძოლით არიან დაკავებული.

ოპოზიცია ითხოვს  პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე ხელისუფლება პარლამენტმა უნდა გააკონტროლოს და სწორედ ახლა ყველაზე მეტად არის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ორგანომ მისი მთავარი ფუნქცია შეასრულოს.

“ქართულ ოცნებას” დღეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიმართა.პარტიაში თვლიან, რომ ახლა, როცა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა სოლიდურ თანხას ხარჯავს და საგარეო ვალებს იღებს, საპარლამენტო ზედამხედველობა აუცილებელია.

საპარლამენტო მუშაობის აღდგენას ითხოვენ დამოუკიდებელი დეპუტატებიც. მათი თქმით, ახლა საპარლამენტო ზედამხედველობა მნიშვნელოვანია და ის, რომ საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში რამდენიმე დეპუტატი მუშაობს,  პროცესებში პარლამენტის ჩართულობას არ ნიშნავს.

საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში მეორე ვადით, 22 მაისამდე გახანგრძლივდა.