სასამართლომ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პატიმრობა შეუფარდა

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

მოსამართლე დავით კურტანიძემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა, რომელიც  დაკავებულების მიმართ  პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, იმ არგუმენტით, ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს. პროკურორის თქმით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს, რითაც საქართველოს ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე წარმოიქმნა, რის გამოც, ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა. ბრალდებულს გირაოთი გათავისუფლება არ მოუთხოვია.

რაც შეეხება ნატალია ილიჩოვას, მისმა ადვოკატმა სულხან კომახიძემ დაკავებულის 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა. თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს ივერი მელაშვილს და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორს ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ ბრალი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე წაუყენა, რომლითაც პროკურატურის ინფორმაციით დადგინდა,რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.