სასამართლო „აქილევსის ქუსლი“ იყო ჩვენთვის, „ოცნებამ“ კი „მონსტრების კორპორაციად“ აქცია – უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერია გიგი უგულავას განცხადებით, სასამართლო, რომელიც „აქილევსის ქუსლი“ იყო წინა ხელისუფლებისთვის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „მონსტრების კორპორაციად“ აქცია.

„არ იქნება ქვეყანაში კეთილდღეობა, არ იქნება ქვეყანაში მშვიდობა, არ იქნება ქვეყანაში თავისუფლება და განვითარება, თუ არ იქნება ერთი და მთავარი წინაპირობა და ეს გარდამტეხი ცვლილებები პირველ რიგში ამას ეხება იმიტომ, რომ თუ გინდა იყო სრულფასოვანი ადამიანი ქვეყანაში, თუ დაგჩაგრავს სისტემა, უნდა იცოდე, რომ არსებობს ერთი ადგილი, სადაც მიხვალ და სამართალს იპოვი. ეს არის სასამართლო. 30 წელია ჩვენ წრეზე ვბრუნავთ. სასამართლო ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ ააშენა. სასამართლო, რომელიც „აქილევსის ქუსლი“ იყო ჩვენთვის, „მონსტრების კორპორაციად“ აქციეს ამათ; ამან ჩამოშალა მთლიანად მართლმსაჯულება და წესრიგი.

როგორც იცით, მე ზუგდიდში ვიყრი კენჭს და ის კვლავ კონტრაბანდამ და კრიმინალმა წაიღო. ყველაზე უფრო მგრძნობიარე კონტრაბანდის და კრიმინალის წინაღმდეგ სწორედ ზუგდიდია, რადგან 90-იანი წლების სიმძიმე სწორედ ზუგდიდმა იწვნია”,-თქვა უგულავამ.

მანვე აღნიშნა, რომ როცა პოლიტიკურ-იურიდიული ელიტა წინ ვერ მიდის, ხალხმა უნდა აიღოს მართლმსაჯულება.

“მაგრამ სასამართლო სჭირდება თითოეულ თქვენთაგანს და როდესაც პოლიტიკური და იურიდიული ელიტა ვერ მიდის წინ, დგება დრო, რომ ხალხმა უნდა აიღოს მართლმსაჯულება. ხართ თუ არა თქვენ მეგობრებო მზად, რომ თითოეული თქვენგანი ნაფიცი მსაჯული გახდეს სასამართლოში? ამ გარდამტეხი ცვლილებების მერე პირველი, რაც უნდა გავაფართოვოთ, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტია.

ეს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გააკეთა, რადგან სასამართლო ყველას ჯიბეში უნდოდა და ეს იყო ჩვენი შეცდომა, რომელზეც ხალხს ბოდიში უნდა მოვუხადოთ“, – განაცხადა უგულავამ.