საქართველოს მიმართ ყურადღება დიდია, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების მიმართ – დეგნანი

საქართველოში აშშ–ს ელჩი, კელი დეგნანი გახარია–პომპეოს საუბარს ეხმიანება. მისი თქმით, საქართველოს მიმართ ინტერესი და ყურადღება დიდია, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების მიმართ.

დეგნანი აღნიშნავს, რომ არჩევნები არის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა, რომ ქვეყანამ დემოკრატიის მიმართ ერთგულება წარმოაჩინოს.

“ძალიან პოზიტიურია და სასარგებლოა როცა ქვეყნების ლიდერები ერთმანეთთან საუბრობენ. ჩვენ ძალიან ფართოდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით და შესაბამისად, სხვადასხვა არხებით. რაც შეეხება საქართველოს, მის მიმართ ინტერესი და ყურადღება დიდია, განსაკუთრებით ოქტომბრის არჩევნების მიმართ. ეს არის კარგი შანსი საქართველოსთვის, კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს დემოკრატიული პროცესების მიმართ ერთგულება და ჩატარდეს ისეთი არჩევნები, სადაც არ იქნება ამომრჩევლის დაშინება, ადგილი არ ექნება ხმების მოსყიდვას და ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა ქვეყანამ დემოკრატიის მიმართ ერთგულება წარმოაჩინოს”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

27 ივლისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეფონით ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, პომპეომ ხაზი გაუსვა ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თანაბარი თამაშის პირობები.

პომპეომ მოუწოდა პრემიერმინისტრს, გააგრძელოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის.

ოპოზიციიმ ეს ზარი გამაფრთხილებელ ნიშნად აღიქვა, ხელისუფლებამ კი მყარი პარტიონორობის კიდევ ერთ დადასტურებად.