საქართველოში პოლიტიკა სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის არაა – კონგრესმენი დევიდ პრაისი

„საქართველოში პოლიტიკა სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის არაა “ – ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიის პარტნიორობის პროგრამის დემოკრატმა თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა დევიდ პრაისმა „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ კომენტარში განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ საქართველოში პოლიტიკა სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის არაა. ეს საკმაოდ უხეში საქმეა. ერთი უცვლელი ფაქტორი, ამ ყველაფერში კი ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიის პარტნიორობის პროგრამასთან თანამშრომლობის სურვილია. ჩვენ ქართულ პოლიტიკაში არცერთი ძალის მხარეს არ ვართ. მაგრამ ვამბობთ, რომ გვაქვს საერთო ინტერესები ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებაში, რათა ისინი სრულად წარმოადგენდნენ საზოგადოების ინტერესების სრულ სპექტრს. პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ქართველები ამ პროცესის მონდომებული მონაწილეები იყვნენ. ჩვენ ვიმედოვნებთ და მოველით, რომ ეს ამ არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება,

ეს რთული გზა იყო. საქართველოს გაუჭირდა ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება. ვფიქრობ, ის ბალანსი, რომელიც ახლა გაქვთ, ეგრეთწოდებულ, პროპორციულ და მაჟორიტარულ ადგილებს შორის, […] სავარაუდოდ, სამუდამოდ ასე არ დარჩება. ეს გარდამავალი შეთანხმებაა, მაგრამ ის წარმოადგენს რთული ბრძოლების შედეგად მიღწეულ კომპრომისულ შედეგს. როგორც ჩანს, ის ყველა მხარემ ლეგიტიმურად მიიღო.”  – თქვა კონგრესმენმა პრაისმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარში.

კონგრესმენი პრაისი წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიის პარტნიორობის პროგრამის თანათავმჯდომარის ამპლუაში საქართველოსთან 15 წელია თანამშრომლობს. ამ დროის განმავლობაში, საქართველოში არაერთი არჩევნები გაიმართა და დემოკრატიული თვალსაზრისით, არაერთი ცვლილება მოხდა. კონგრესმენი ცვლილებებს იცნობს, თუმცა დასძენს, რომ ყველაზე მეტად ერთ უცვლელ ფაქტორს აფასებს.