საქართველო კორუფციის აღქმის ინდექსით 180 ქვეყნიდან 45-ე ადგილს იკავებს – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, ორგანიზაციის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) 2020 წლის კვლევაში, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს 56 ქულა აქვს და 45-ე ადგილს იკავებს. ამავე ადგილზეა პოლონეთი და სენტ–ლუისი. საქართველოს წინა წელსაც 56 ქულა ჰქონდა.

რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს.

“ის გარემოება, რომ „კორუფციის აღქმის ინდექსში“ საქართველოს საშუალო შედეგი აქვს, რომელიც წლებია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა,  მიუთითებს იმაზე, რომ მართალია ქვეყანამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლის (კერძოდ წვრილმანი კორუფციის შემცირების) მხრივ, მაგრამ გადაუჭრელი რჩება მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემებები, რომლებიც 2019 და 2018 წლების ინდექსებშიც იყო ხაზგასმული. საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ქმედითი სისტემური ნაბიჯები ამ ტიპის კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლის კუთხით. ამ მხრივ, დღეისათვის საქართველოს მთავარი გამოწვევებია:

  • ძალაუფლების გადაჭარბებული კონცენტრაცია ერთი პოლიტიკური ჯგუფის ხელში. სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით პარლამენტის სისუსტე საზედამხედველო ფუნქციის შესრულებისას. ოპოზიციის იგნორირება და გარიყვა პოლიტიკური პროცესიდან.
  • არაფორმალური გავლენა საკვანძო ინსტიტუტებზე და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ტენდენცია.
  • ელიტური კორუფციის სავარაუდო შემთხვევების არაეფექტური გამოძიება და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავ უწყებებში.
  • პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში და სასამართლოს სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის დომინირება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სასამართლოში კორუფციის რისკებს.
  • პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის არაეფექტიანი სისტემა; პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსება უკანონო გზებით.
  • მთავრობის და პროსამთავრობო მედიის თავდასხმები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე.
  • ხელისუფლების ზეწოლა კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიაზე, მათ შორის ტელევიზიების მფლობელებზე, ხელმძღვანელობასა თუ მათ ოჯახის წევრებზე. ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელის შეშლა და თავდასხმები მათზე, განსაკუთრებით წინა და პოსტსაარჩევნო საპროტესტო აქციების გაშუქებისას.
  • ელიტური კორუფციის პრევენციისა და გამოძიების ქმედითი სისტემის (მათ შორის, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო უწყების) არარსებობა”,– აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.

ორგანიზაცია ხელისუფლებას რეკომენდაციებს სთავაზობს:

  • “პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის ეფექტიანად განხორციელება და ძალაუფლების კონცენტრაციის პრობლემის აღმოფხვრა, მათ შორის საპარლამენტო პროცესში ოპოზიციის ქმედითი მონაწილეობისთვის სათანადო პირობების შექმნის გზით.
  • საჯარო ინსტიტუტებზე არაფორმალური გავლენისა და სახელმწიფოს მიტაცების სხვა გამოვლინებების აღმოფხვრა.
  • სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კეთილსინდისიერების უზრუნველყოფა.
  • თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს შექმნა; პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის სისტემის დახვეწა და პოლიტიკური კორუფციის შემთხვევების გამოვლენა.
  • დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და ქმედითი რეაგირება კორუფციის, განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებზე.
  • ხელისუფლების მიერ მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პატივისცემა”.