საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი – მეთიუ ბრაიზა

ამერიკელმა დიპლომატისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, მეთიუ ბრაიზას განცხადებით, საქართველოს 2008 წელს “მაპი” უნდა მიეღო, მის მინიჭებაზე უარის თქმა კი ალიანსის სტრატეგიული შეცდომა იყო, რამაც კრემლს აგრესიისთვის გზა გაუხსნა.

“საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი, ასე ვფიქრობ ბუქარესტის სამიტის შემდეგ. მაშინ საქართველო სულ არ იყო მზად ნატოს წევრობისთვის, მაგრამ დანამდვილებით უნდა მიენიჭებინათ მისთვის  სამოქმედო გეგმა – MAP-ი. მაშინ სრულიად პათეტიკური ფორმულირებით ითქვა შემდეგი –  რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრი ქვეყნები, მაგრამ არა ახლა. ეს პუტინისთვის გადაგდებული ხორცის ნაჭერი იყო… ფანჯარა თავდასხმისთვის, რომ აი, სივრცე, საიდანაც შეგიძლია თავს დაესხა. დატოვე საქართველო თამაშგარე მდგომარეობაში და არ დააყოვნო…ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს ალიანსის უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იყო, როცა ძალიან მკაფიოდ არ ითქვა, რომ საქართველო გახდება წევრი ქვეყანა, – თქვა ბრაიზამ მთავარ არხთან ინტერვიუში.

მანვე აღნიშნა, რომ გერმანიას ეშინია რუსეთის სამხედრო აგრესიის ევროპაში, საქართველო კი არის ევროპაში. ბრაიზას თქმით, ყირიმის ანექსიაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი გერმანიის გამოსაფხიზლებლად.

დიპლომატმა ისაუბრა ქართული ოცნების” მხრიდან ოპოზიციის კრიტიკაზე, რის თანახმადაც აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები ხელისუფლების ოპონენტების ლობისტური საქმიანობის შედეგია. ბრაიზას თქმით, ლობისტები ჰყავს ქართულ ოცნებასაც, ასევე აქვს პირდაპირი კონტაქტი აღმასრულებელ შტოსთან, ამიტომ წესით მათ არ უნდა იჭირდეთ ვაშინგტონის დარწმუნება, რომ რუსეთთან არ აქვთ კავშირი.

“ვაშინგტონი ლობისტების ადგილია. ამერიკაში ეს სისტემა მუშაობს და როდესაც თქვენი ხელისუფლება ოპოზიციას აკრიტიკებს ლობისტების წარმატებით გამოყენებაში, მთავრობა თავის მხრივ უნდა ეცადოს, რომ იგივე გააკეთოს. როგორც ვიცი, მათაც ჰყავთ თავისი ლობისტები დაქირავებული. გარდა ამისა, ხელისუფლებას, ოპოზიციისგან განსხვავებით, პირდაპირი კონტაქტები აქვს აღმასრულებელ შტოსთან და კონგრესთან. ეს მთავრობის უპირატესობაა. წესით, მათ არ უნდა გაუჭირდეთ ვაშინგტონის დარწმუნება, რომ რუსეთთან არ აქვთ კავშირი”,– განაცხადა ბრაიზამ.