სივრცეების პარტიული აგიტაციის პლატფორმად ქცევა სფეროს დაასამარებს – ორაშვილი გირჩის იდეაზე

კლუბ BASSIANI–ის დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი ტვ პირველის ეთერში ამბობს, რომ მისი კლუბის გახსნა დღის წესრიგში 2021 გაზაფხულამდე არ დგას და გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფება.

ორაშვილის განცხადებით, არ არის ღია და მასშტაბური ღონისძიებების მომხრე, როდესაც ეპიდსიტუაცია გამწვავებულია, თუმცა რეგულაციებში ორმაგი სტანდარტები მიღებელია.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ პოლიტიკური აგიტაცია დასაშვებია, ბევრმა ივენთკომპანიამ გადაწყვიტა, რომ საკუთარი ღონისძიებები აქციოს პოლიტიკური აგიტაციის მთავარ პლატფორმად.

“რაც მოიტანს ამ სფეროს საერთოდ დასამარებას, იმიტომ რომ ეს ყოველგვარი ღირებულებების და ხედვების…”,– ამბობს ორაშვილი. წამყვანის კითხვაზე, ის გულისხმობს თუ არა გირჩის ინიციატივას, პასუხობს, რომ არ აქვს ამას მნიშვნელობა.

“არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გამოიყენებს. ფაქტია, რომ აქ არსებობს დატოვებული შესაძლებლელობა, რომ იმ ადამიანებმა იმისთვის, რომ გადარჩნენ, არ დაკარგონ სამსახურები, შეძლონ ღონისძიებების ჩატარება, ისინი ამ სივრცეებს აქცევენ პოლიტიკური პარტიების აგიტაციის პლატფორმად”,– ამბობს კლუბ BASSIANI–ის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, 10 სექტემბრიდან საქართველოში 200 ადამიანზე მეტის შეკრება ღია სივრცეშიც აიკრძალა. ასევე, აიკრძალა ღია სივრცეში იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები. რეგულაციები არ შეეხო პარტიულ აგიტაციას, რის გამოც გირჩმა გადაწყვიტა, ადამიანებსა და კლუბებს ღონისძიებების ჩატარებაში დაეხმაროს.