სირიამ ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა ისროლა

სირიამ ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა ისროლა.ინფორმაციას ამის შესახებ, ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. გასროლილი სამი რაკეტიდან ერთი სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო შეტაკებების განახლებას კი პალესტინელებსა და ისრაელის სამართალდამცველებს შორის 10 მაისის ღამეს მრავალსაათიანი დაპირისპირება უსწრებდა წინ. განსაკუთრებით მწვავე შეტაკებები მოხდა ალ-აკსას მეჩეთში, რომელიც ებრაელებისა და მუსლიმებისთვის წმინდა ადგილს წარმოადგენს.  ჰამასმა ისრაელს სამართალდამცველების ადგილიდან გაყვანის ულტიმატუმი წაუყენა, სამხედრო კონფლიქტი კი ისრაელის მხრიდან ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემდეგ განახლდა. ისრაელმა სარაკეტო თავდასხმების კამპანია 13 მაისს გააძლიერა, თავდაცვის ძალებმა დაბომბეს არაერთი კორპუსი, შენობა, თუ საცხოვრებელი სახლი – პალესტინელი ჩინოვნიკების ცნობით, ინტენსიურმა სამხედრო კამპანიამ 103 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის, 27 ბავშვის. დაპირისპირება უპრეცენდენტო მასშტაბებს იღებს, ომის დაწყებიდან მხოლოდ 3 დღეში, ისრაელზე, 1 800 სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, თუმცა ისრაელმა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის “რკინის გუმბათის” მეშვეობით, მათი მოგერიება და განეიტრალება შეძლო. „რკინის გუმბათი“ ღაზიდან გამოსროლილი რაკეტების 85-90 პროცენტს უმკლავდება.საჰაერო თავდაცვის მსგავსი სისტემის შექმნა იერუსალიმმა 2006 წელს „ჰეზბოლასთან“ კონფლიქტის შემდეგ გადაწყვიტა. მაშინ ისრაელის ჩრდილოეთით 4 ათასი რაკეტა დაეცა და 44 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.