სიცრუეა, რომ ციხეში 3 პატიმარს ხელები დაუსერეს, მათ თვითდაზიანებები მიიყენეს – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახური “სიცრუეს” უწოდებს გლდანში, სასჯელაღსრულების N8-ე დაწესებულებაში პატიმრების დაჭრის შესახებ პატიმრის დედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

უწყების მტკიცებით, ერთ საკანში მყოფი სამი პატიმარი დაწესებულების ადმინისტრაციისგან ჩაისა და სიგარეტის მიწოდებას ითხოვდა და ამ მოტივით, მათ მეტლახის ნატეხით თვითდაზიანებები მიიყენეს.

პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ არის და მსჯავრდებულების მდგომარეობა სტაბილურია.

“სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულ/მსჯავრდებულებს მიეწოდებათ სამჯერადი კვება, სეზონური და ჯანმრთელობაზე მორგებული მენიუების შესაბამისად (სათანადო კალორაჟით) … მენიუში შედის ასევე ჩაიც, თუმცა თუ პატიმარს დამატებით სურს ჩაის მიღება, მოცემული პროდუქტი პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში უნდა შეიძინოს, ისევე, როგორც სიგარეტი, რომლის პატიმრისთვის მიწოდების ვალდებულება სპეციალური პენიტენციურ სამსახურს არ გააჩნია. ამასთან, პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში ნებისმიერი ნივთის შესაძენად ყველა პატიმარს აქვს საბანკო ბარათი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მოთავსებისთანავე სპეციალურად  მზადდება თითოეული პატიმრისთვის.

რაც შეეხება უშუალოდ თვითდაზიანებების მიყენებას, როგორც პატიმრებმა თავად განმარტეს, დაზიანებები მიიყენეს მეტლახის ნატეხით, რომელიც შემდეგ საპირფარეშოში ჩარეცხეს. ამასთან, დაზიანებების მიყენებამდე წინასწარ განახორციელეს სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ დაზიანებები არ არის სიცოცხლისთვის საშიში, მსჯავრდებულთა მდგომარეობა სტაბილურია, ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებების დამუშავება. ამასთან, ერთ-ერთ მათგანს, ბრალდებულ გ.დ.-ს უკვე შეხვდა ადვოკატი“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, ერთერთი პატიმრის დედა, მაია დიღმელაშვილმა განაცხადა, რომ მის შვილს და კიდევ 3 პატიმარს გლდანის ციხეში ხელები დაუსერეს.