მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრალდების საპასუხოდ მთავარ გამოშვებაში კომენტარებს აზერბაიჯანულ ენაზე გაუშვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას On.ge ავრცელებს.
“თარგმანი გვაქვს, ცხრიანში გამოვაქვეყნებთ აზერბაიჯანულ ენაზე, ქვემოთ ტიტრებით”,- განაცხადა ნიკა გვარამიამ On.ge-სთან საუბრისას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, “მთავარი არხის” მიერ მომზადებულ სიუჟეტში ჩაწერილმა პირებმა გამოხატეს უკმაყოფილება და მოითხოვეს ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება. მათივე თქმით, “გამოძიებით გამოიკვეთა, რომ სიუჟეტი დეზინფორმაციული შინაარსის იყო”. სიუჟეტი მთავარი არხის ეთერში 20 ივნისს გავიდა. რესპონდენტები მარნეულიდან ტელევიზიასთან საუბრისას აცხადებდნენ, რომ კონკრეტულ პირებს 10 000 ლარი შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი დაესახელებინათ. ისინი სუს-ში დღეს დაკითხეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.
საბოტაჟის საქმეზე მთავარი არხის რესპონდენტები ამბობენ, რომ მათი კომენტარები დამონტაჟებულია – სუს-ი