ტარიელ ნაკაიძეს, არმაზ ახვლედიანს ადამიანებად არ თვლიან – მეგრელიშვილი ევროპულ საქართველოზე

“გირჩის“ ერთ–ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, აპირებს რომ ოპოზიციური პოლიტიკურ პარტიებს შეხვდეს.

„თუ ჩვენ გვექნება ერთიანი პოზიცია, ჩვენი წარმატების შანსი მნიშვნელოვნად იზრდება. ელისაშვილიც გვეთანხმება. ვფიქრობ, საჭიროა „ლელოსთან“ შეთანხმება და საუბარი, მათი აზრის მკაფიოდ გამოტანა, ასევე, გიორგი ვაშაძესა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ საუბარი. 60-ივე ოპოზიციონერ დეპუტატს დაველაპარაკებით ცალ-ცალკე, თუ საჭირო გახდება…”,– ამბობს მეგრელიშვილი პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე განცხადებით, ევროპული საქართველოს მენეჯმენტს მოლაპარაკებების წარმატების სურვილი არ აქვს, ამიტომ მათ იმ წევრებს დაელაპარაკება, ვინც პარლამენტში მოხვდა.

“მე არ მჯერა ასეთი ინფანტილური სისულელეების, რომელიც ისეთი ჯგუფებისგან ისმის ხოლმე, რომელსაც თავიდანვე ეტყობა, რომ მოლაპარაკებების წარმატების სურვილი არ აქვს. აქ მოსვლამდე ვუსმენდი გიგა ბოკერიას, მას მოლაპარაკებების მიმართ განსაკუთრებულად ეტყობა ეს დამოკიდებულება, რაც მგონია, რომ ისედაც დამარცხებული პარტიისთვის არაპრაგმატულია. თან მაშინ, როცა შეიძლება კონსტრუქციული პროცესის ჩაშლა დაბრალდეს. მე ვაპირებ, რომ დაველაპარაკო „ევროპული საქართველოს“ იმ წევრებს, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ და არა „ევროპული საქართველოს“ მენეჯმენტს. მათი აზრი არც კი ვიცი, როგორც ჩანს, მათ ადამიანებად არ თვლიან, ტარიელ ნაკაიძეს, არმაზ ახვლედიანს…“- თქვა მეგრელიშვილმა.