ტელეკომპანია “იმედს”, ევროპული საქართველოს რეკლამის არგანთავსების გამო, სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს

კომუნიკაციების კომისიამ “ევროპული საქართველოს”  საჩივარი ტელეკომპანია “იმედის” წინააღმდეგ დააკმაყოფილა და ტელეკომპანიას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

ტელეკომპანია “იმედმა”  “ევროპული საქართველოს”  ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე უარი ორი მიზეზის გამო თქვა :

  1. რეკლამის წარდგენისას არ იყო დაცული მხარეებს შორის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების პირობები. კერძოდ, ვიდეორგოლს არ ახლდა წერილი და მედიაგეგმა;
  2. ვიდეოში ნაჩვენებია უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რაც არღვევს საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც, საარჩევნო აგიტაციის გაწევისა და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

“კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე მხარეთა პოზიციები მოისმინა და მიიჩნია, რომ პირველ შემთხვევაში ტელეკომპანია იმედმა ვერ დაასაბუთა შესაბამისი მტკიცებულებებით ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც იგი ვიდეო-რგოლის განუთავსებლობის მიზეზად უთითებდა. ხოლო რაც შეეხება უცნო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობას წინასაარჩევნო რეკლამაში, კომისიამ მსჯელობის საფუძველზე მიიჩნია, რომ წარმოდგენილ ვიდეო-რგოლში მიხეილ სააკაშვილის სურათის გამოყენება არ შეიძლება განიმარტოს როგორც მისი მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში, ვინაიდან აგიტაციის გაწევა და მასში მონაწილეობა წარმოადგენს ნებელობით აქტს, რომელიც გულისხმობს პირის მიერ გარკვეული ქმედების განხორციელებას.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა ევროპული საქართველოს საჩივარი და მის მიერ წარდგენილი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის ტელეკომპანია იმედის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის გადაწყვეტილება მიიღო”. – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.