ტრამპი ამბობს, რომ “ჰიდროქსიქლოროქინს” პრევენციისთვის იღებს და Covid19-ზე სისტემატურად ესინჯება

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის “ჰიდროქსიქლოროქინს” იღებს. “კვირანახევარია ვიღებ და ჯერ აქ ვარ” – თქვა მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე. “რაა დასაკარგი”?

პრეზიდენტ ტრამპის თქმით, პრეპარატს ის ყოველდღიურად თუთიასთან ერთად იღებს, კოვიდ-19-ზეც სისტემატურად ესინჯება და პასუხი ნეგატიურია. პრეზიდენტი ამბობს, რომ პრეპარატი უკვე 40 წელია ხმარებაშია მალარიის, ლუპუსის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ, ამიტომ ის ვერ იქნება ზიანის მომტანი და ვინც ამ წამალზე ცუდს ამბობს, ის უბრალოდ “ტრამპის ფანი არ არის”.

მალარიის წამალი ახლა კოვიდ-19-ის მკურნალობისთვის კლინიკურ ცდებს გადის. ამ ეტაპზე, კვლევები “ჰიდროქსიქლოროქინის” ეფექტურობას ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში არ ადასტურებს, არც მკურნალობის დროს და არც პრევენციული მიზნებით.

შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ აპრილის ბოლოს გაფრთხილებაც კი გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ “ჰიდროქსიქლოროქინი” ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ მხოლოდ საავადმყოფოებში მიმდინარე კვლევებისთვის უნდა დაინიშნოს, რადგან მან შეიძლება გულზე გართულებები გამოიწვიოს. გაფრთხილება არ ეხება მალარიის, ლუპუსის და რევმატოიდული ართრიტების მკურნალობას.

წყარო: ამერიკის ხმა