ტრამპი აშშ–ში გადასულ ჰარის და მეგანს მოუწოდებს საკუთრი უსაფრთხოების ფული თვითონ გადაიხადონ

პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ აშშ არ აპირებს დააფინანსოს პრინცი ჰარის და მეგან მარკლის უსაფრთხოების დაცვის ფული. ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ წყვილი კანადიდან აშშ–ში გადავიდა.

ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ ის დიდი ბრიტანეთის დედოფლის დიდი მეგობარი და თაყვანისმცემელია, თუმცა დასძინა “მათ უნდა გადაიხადონ!“

წყვილი ამბობს, რომ არ აპირებს აშშ–ს სახელმწიფოს მოთხოვოს თანხები საკუთარი უსაფრთხოების დასაფინანსებლად.

გავრცელებული ინფორმაციით ჰარი და მეგანი კორონავირუსის ეპიდემიის გაძლიერების ფონზე კანადიდან მეგანის მშობლიურ შტატში, კალიფორნიაში გადავიდნენ საცხოვრებლად.

ამერიკული მედიის ინფორმაციით წყვილი გასულ კვირას ლოს–ანჯელესის ერთ–ერთ რაიონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მეგანი გაიზარდა, ახლა კი მისი დედა, დორია რაგლანდი ცხოვრობს.

წყვილი სამეფო ოჯახის უფროსი წევრების სტატუსიდან ოფიციალურად 31 მარტს გავა და უკვე აღარ შეასრულებს არანაირ მოვალეობას დედოფლის სახელით.

წყვილის  მიერ წარმომადგენლის საშუალებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

“ჰერცოგი და მისი მეუღლე არ აპირებენ აშშ–ს მთავრობას თხოვონ უსაფრთხოების რესურსები. მიღებულია უსაფრთხოების ზომები, რომლებიც კერძო წყაროებიდან ფინანსდება.“

წყვილმა შვილთან, არჩისთან ერთად წლევანდელი წლის უდიდესი ნაწილი კანადის დასავლეთ სანაპიროზე გაატარა, ექვსკვირიანი საშობაო არდადეგები კი ვანკუვერის კუნძულზე.

თებერვალში კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ ის შეწყვეტს ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარებას, “მათი სტატუსის ცვლილების შესაბამისად“.  ტრამპმაც როგორც ჩანს კანადელ კოლეგას მიბაძა.

წყვილის მიერ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის სტატუსზე უარის თქმისა და კანადაში გადასვლის შემდეგ კანადელები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ მათ უსაფრთხოებაში კანადელი გადასახადის გადამხდელების ფული იხარჯებოდა.