ტრამპმა გადაწყვიტა ნიუ იორკში კარანტინი არ შემოიღოს

აშშ–ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნიუ იორკის შტატში კარანტინის შემოღების აუცილებლობა არ დგას. მანამდე გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ შტატში შესვლის და გასვლის აკრძალვა ამერიკულ ფასეულობებთან იქნებოდა წინააღმდეგობაში და აბსურდული იქნებოდა.

ტრამპის თქმით, გადაწყვეტილება თეთრ სახლში შექმნილი კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული ჯგუფის რეკომენდაციების მიხედვით მიიღეს.

მანამდე ამერიკის ლიდერი აცხადებდა, რომ კორონავირუსის გავრცელების შესანელებლად შესაძლოა ნიუ იორკში და ნიუ ჯერსისა და კონექტიკუტის ნაწილში კარანტინი შემოეღოთ.

 

მხოლოდ ნიუ იორკში ინფიცირების 52 000 შემთხვევაა დაფიქსირებული. აშშ–ში დადასტურებული შემთხვევების ნახევარზე მეტი სწორედ ამ შტატზე მოდის. ბოლო მონაცემებით კორონავირუსით აშშ–ს 124 600 მოქალაქეა დაინფიცირებული, გარდაიცვალა 2100.

 

ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ კარანტინის ნაცვლად ნიუ იორკის, ნიუ ჯერსის და კონექტიკუტის მაცხოვრებელს დაჟინებით მოუწოდებს გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

ამის შემდეგ სამი შტატის მაცხოვროებლებს აშშ–ს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმაც მოუწოდა 14 დღის განმავლობაში სახლიდან მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიდნენ.

სააგენტომ აღნიშნა, რომ ეს არ ეხებათ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კომპანიებში მუშაობენ, მაგალითად კვების მრეწველობაში.