უბედური შემთხვევა თუ განზრახ მკვლელობა- რას შეეწირა 19 წლის გიორგი შაქარაშვილის სიცოცხლე

19 წლის გიორგი შაქარაშვილი 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. მის კვალს მყვინთავებმა მცხეთის დასახლებულ პუნქტთან ახლოს, დაგუბებულ წყალში მიაკვლიეს. ფეხბურთელის ცხედარი სამაშველო ჯგუფებმა, მდინარე არაგვის ხიდიდან, ანუ იმ წერტილიდან, სადაც შაქარაშვილის კვალი გაქრა, დაახლოებით 2-3 კილომეტრში იპოვეს.

ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტებიც, რომლებმაც ცხედრის პირველადი დათვალიერება ადგილზეც შეძლეს. აღენიშნება, თუ არა გარდაცვლილს დაზიანებები და ძალადობის კვალი, უცნობია – სპეციალისტები დეტალებს ჯერ არ ასაჯაროებენ.

ახლგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი თბილისში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადმოასვენეს. გარდაცვლილი 19 წლის ბიჭის მეგობრების ნაწილი მკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავს.

დაღუპული ბიჭის ოჯახის წევრები კი ოქროს მოწმეზე დაყრდნობით ამბობენ, რომ 19 ივნისს ნაქირავებ აგარაკზე დიდი დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტის დროს საქმის გარჩევის მიზნით, თბილისიდან 2 ავტომობილით ახალგაზრდების ჯგუფი ჩავიდა, რომლებიც ნაძალადევის რაიონიდან იყვნენ.

მონაყოლის მიხედვით, ისინი ფიზიკურად წვეულების სტუმრებს ჯერ აგარაკზე გაუსწორდნენ, შემდეგ კი ცენტრალურ მაგისტრალზე. საქმეში ორი ავტომობილი ფიგურირებს, შავი ფერის, რომლის მარკაც უცნობია და ნაცრისფერი მერსედესი, რომელიც 20 ივნისს პოლიციამ ნივთმტკიცებულების სახით ამოიღო.

ასევე ცნობილია, რომ ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება საქმის ოქროს მოწმეს გურამ ამირხანაშვილს, თუმცა მისი მონაყოლის მიხედვით, ნაკაწრები მან დამალვის დროს მიიღო.

სწორედ გურამ ამირხანაშვილია ის პირი, რომელმაც მონათხრობის მიხედვით გიორგი შაქარაშვილი ბოლოს ნახა.

“კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება” – ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი 19 ივნისის ღამეს მომხდარ ტრაგედიას.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, აუცილებელია ინფორმაციის მატარებელმა პირებმა გამოძიებასთან ითანამშრომლონ, თავად გამოძიება კი დროული და ობიექტური იყოს.

მცხეთის პოლიციაში 4 დღის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები არ გაჩერებულა, “კურიერის” ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტის მიზნით მიყვანილი იყო ვახო ახვლედიანი, წვეულების ის წევრი რომლმაც კონფლიქტის დროს ფიზიკური დაზიანება მიიღო.

ასევე, კიდევ ერთხელ მოხდა ნაქირავები აგარაკის დათვალიერება, სადაც დამატებით ნივთმტკიცებულებები ამოიღეს.

ამ დღეების განმავლობაში, მტკვარში და არაგვში, ისივე როგორც მის მიმდებარედ, 70 მაშველი მუშაობდა. პროცესში ჩართულები იყვენენ მყვინთავები, მიმდინარეობდა ფსკერის მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგიც.