უკრაინული მედიის ცნობით საქართველო მზად არის უკრაინასთან ავიამიმოსვლა 1 ივლისიდან აღადგინოს

უკრაინული მედიის ინფორმაციით უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვლადისლავ კრიკლი ვიდეოჩართვის საშუალებით ესაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტსრს, ნათია თურნავას და მათ ორ ქვეყანას შორის რეგულარული სამგზავრო ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილეს.

ამის შესახებ უკრაინული ვებგვერდი censor.net.ua უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

გარდა ამისა, თურნავამ და კრიკლიმ განიხილეს შემდგომი თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სხვა მიმართულებებით.

უკრაინული მედიის ცნობით ქართველმა კოლეგამ თქა, რომ საქართველო მზად არის საკუთარი საზღვრები საერთაშორისო რეგულარული რეისებისთვის უკვე 1 ივლისიდან გახსნას, და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის აუცილებლობას, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება.

კრიკლიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის სწრაფად და სინქრონულად იმოქმედოს, რათა ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან კოორდინაციით სამგზავრო მიმოსვლისთვის საზღვრები გაიხსნას.

შესაბამისად, უკრაინულმა ავიაკომპანიებმა უკვე მიმართეს ქართულ მხარეს განცხადებით ფრენის აღდგენის მზადყოფნის შესახებ. ორივე მხარე ამჟამად აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ შექმნას ყველა უსაფრთხო პირობა მგზავრებისთვის ფრენების განახლების შემდეგ.

მინისტრების ვიდეოშეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროც:

„პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და უკრაინას შორის პანდემიამდე ძალიან აქტიური იყო. სამი უკრაინული ავიაკომპანია ასრულებდა რეგულარულ რეისებს ორი ქვეყნის ქალაქებში. შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, რომ ყველა ეპიდემიოლოგიური ნორმისა და პროტოკოლის დაცვით, რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ უსაფრთხო, „მწვანე კორიდორის“ შექმნა ჩვენს ქვეყნებს შორის“ – განაცხადა ნათია თურნავამ სამინისტროს ინფორმაციით.