ულტიმატუმით საუბარი ბნელი 90-იანების გადმონაშთია – ღარიბაშვილი ნამოხვანის პროტესტზე

რიონის ხეობის მცვლების ხელისუფლებისთვის მიცემული დროის ამოწურვამდე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას აკეთებს.

მისი თქმით, პროტესტის მონაწილეებს დიალოგის ფორმატი არაერთხელ შესთავაზა, ასევე, ჩართო პირადი წარმომადგენელი, გუბერნატორი, მოიწვია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც დეტალურად შეისწავლის პროექტის ყველა ნიუანსს.

“ამას გარდა მე დავავალე იუსტიციის სამინისტროს რომ კიდევ ერთხელ მოხდეს დამოუკიდებელი იურიდიული კომპანიის მიერ მოხდეს შესწავლა აღნიშნული პროექტის შესაბამისობის საერტაშორისო პრაქტიკასთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, კითხვები არ უნდა არსებობდეს. თვის ბოლოს მე ვხვდები ინვესტორი კომპანიის დამფუძნებელსა და მფლობელს, რომელიც ეწვევა თბილისსი, მე თავად ვარ ჩართული და მსურს გავერკვიო დეტალურად, რომ რაიმე საწინააღმდეგო არ იყოს ამ ხელშეკრულებაში”,– ამბობს ღარიბაშვილი.

მისი თმქით, ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია.

“ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი და კარგად გვახსოვს სწორედ ის ბნელი პერიოდი, როცა ვითომ პატრიოტიზმის ეგიდით და საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო ძალიან კარგი “სპეციალისტი” ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ა.შ.

შედეგად რაც მივიღეთ, კარგად მოგეხსენებათ, მივიღეთ სამოქალაქო ომი, დავანგრიეთ ჩვენ თვითონ ჩვენი ქვეყანა, ქარხნები, ფარბიკები დავშალეთ და მთლიანად ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციაც სწორედ იმ დროინდელი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია, დავკარგეთ მიწა-წყალი. მე მინდა, ყველა ადამიანს მივმართო და მოვუხმო გონიერებისკენ. სახელმწიფო იმართება კანონით და კონსტიტუციის ფარგლებში, ვინც გადავა კანონის ფარგლებს მიღმა, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება”, – თქვა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, რიონის ხეობის მცველებმა მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებას ვადა 12 საათამდე მისცა. შემდეგ ისინი თბილისის პარალიზებას გეგმავენ.