უნდა განვიხილოთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი,ეს გააცამტვერებს პუტინის გეგმებს – შაჰინი

“სერიოზულად უნდა განვიხილოთ ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი – მათი გაწევრიანება გააცამტვერებს პუტინის გეგმებს, უმოქმედობა მხოლოდ გამარჯვებას მოუტანს”- ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი საავტორი სტატიაში წერს, რომელიც ამერიკულ გამოცემა „USA Today”- ში გამოქვეყნდა.

„პირველი ნაბიჯები აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის შერყევისკენ რუსეთმა სწორედ საქართველოსთან მიმართებით გადადგა, რომელსაც მე ასევე ვეწვიე. ვნახე „ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი“, რომლითაც მონიშნულია რუსეთისა და მისი ადგილობრივი ინტერესების გამტარების მიერ ოკუპირებული საქართველოს 20%. აქ რუსული ძალები ცდილობენ ქართველთა დაშინებას, რისთვისაც პერიოდულად ახორციელებენ მავთულხლართის გადაწევას და ზღუდავენ საქართველოს მოქალაქეთა გადაადგილებას გამყოფი ხაზზე, რითაც აბრკოლებენ წვდომას სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურებაზე.

რუსები ასვე ხელს უშლიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას და ჩართულნი არიან დეზინფორმაციის კამპანიებში, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრას იმ მეთოდებით, რომლებიც ჩვენთვის – ამერიკელებისთვის ესოდენ ნაცნობია არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე.

პირველ რიგში, ჩვენ სერიოზულად უნდა განვიხილოთ ნატოში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი – სულ მცირე, უზრუნველვყოთ მკაფიო გზა წევრობისკენ. ნატოში შესვლა ორივე ქვეყნის სურვილია და მათი გაწევრიანება გააცამტვერებს პუტინის გეგმებს. დაარსებიდან მოყოლებული ნატოს წევრების საერთო თანხმობით, ალიანსის კარი ყოველთვის იყო ღია ქვეყნებისთვის, რომლებიც იღებდნენ სუვერენულ გადაწყვეტილებას ალიანსში შესვლასთან დაკავშირებით – არ არსებობს მიზეზი, რათა დღეს ამ მხრივ რამე შეიცვალოს. დიახ, აუცილებელია რეფორმები, რათა ალიანსმა შეიძინოს ძლიერი მოკავშირეები. მაგრამ უმოქმედობა მხოლოდ გამარჯვებას მოუტანს პუტინს.

ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი სამხედრო და დიპლომატიური აქტიურობა რეგიონში. ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ელჩი კიევში – დაუყოვნებლივ. უკრაინასა და საქართველოსთან საქმიანი და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება ასევე სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს “- წერს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი საავტორი სტატიაში.